ახალი ამბები

არასამთავრობოები პარლამენტს მოუწოდებენ, ნდობა არ გამოუცხადონ გახარიას კანდიდატურას

6 სექტემბერი, 2019 • 1355
არასამთავრობოები პარლამენტს მოუწოდებენ, ნდობა არ გამოუცხადონ გახარიას კანდიდატურას

საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მოქმედი 11 არასამთავრობო ორგანზიაცია მოუწოდებს პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას.

მთავრობის ახალი შემადგენლობის მოსმენა პარლამენტში უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. 8 სექტემბერს დაგეგმილია მათთვის ნდობის გამოცხადების მიზნით კენჭისყრა.

არასამთავრობოების განცხადებაში აღნიშნულია, რომ გიორგი გახარიას საქმიანობის მიმართ საზოგადოებაში არაერთი ლეგიტიმური პრეტენზია არსებობს.

“მათ შორისაა ხორავის ქუჩის, პოეტ ზვიად რატიანის, თბილისის კლუბების და პანკისის სპეცოპერაციის საქმეები. თუმცა, მოცემულ მომენტში, ყურადღებას ვამახვილებთ 20-21 ივნისის აქციის ძალადობრივი დაშლის საკითხზე. როგორც ცნობილია, აქციის დაშლისას 200-ზე მეტი მოქალაქე და ათობით ჟურნალისტი მძიმედ დაშავდა, ხოლო რამდენიმე ადამიანს გამოუსწორებელი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზიანი მიადგა. 20-21 ივნისის აქციის ძალადობრივი დაშლის გამო საზოგადოებრივი პროტესტი ამ დრომდე არ წყდება.

ბოლო სამი თვის მანძილზე საქართველოს მთავრობა და საპარლამენტო უმრავლესობა საზოგადოებას არწმუნებდა, რომ შესაბამისი ორგანოები საპოლიციო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს დროულად გამოძიებდნენ. თავად გახარიას განცხადებით, აქციის დაშლის დროს, პოლიციის მიერ სისტემური შეცდომების აღმოჩენის შემთხვევაში, ის არა მხოლოდ დატოვებდა თანამდებობას, არამედ, პოლიტიკურთან ერთად, სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც აიღებდა.

ახლა, როცა ჯერ კიდევ – ფორმალურადაც კი – არ დასრულებულა 20-21 ივნისის აქციების გამოძიების პროცესი და არ არის გარკვეული სამინისტროს ხელმძღვანელის პასუხისმგებლობის საკითხი, პრემიერ-მინისტრად გიორგი გახარიას კანდიდატურის წარდგენა არის საჯარო პოლიტიკური დაპირების შეუსრულებლობა და საზოგადოების კრიტიკული განწყობების უგულებელყოფა. ასეთი მიდგომა მძიმე დარტყმას მიაყენებს სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ისედაც სუსტ და მყიფე ნდობას და არსებითად გამორიცხავს მიმდინარე გამოძიების ობიექტურად და სამართლიანად დასრულების შესაძლებლობას.

არსებული მდგომარეობა მკაფიოდ გამოკვეთს პარლამენტის, როგორც ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური ორგანოსა და მთავრობის მაკონტროლებლის როლს, სამართლიანად შეაფასოს გახარიას საქმიანობის შედეგები. მიგვაჩნია, რომ – სულ მცირე – მანამ, სანამ მკაფიოდ არ დადგინდება 20-21 ივნისის აქციის ძალადობრივი დაშლის საქმეზე მინისტრის პასუხისმგებლობის სახე და ფარგლები, პარლამენტმა თავი უნდა შეიკავოს გახარიას აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნისგან. პარლამენტის მიერ ამ პასუხისმგებლობის აღება დამატებით ბიძგს მისცემს მმართველ პოლიტიკურ ძალას, საზოგადოებრივ აზრთან კონსენსუსით შეარჩიოს პრემიერ-მინისტრობის ღირსეული კანდიდატი და 2020 წლის პროპორციული საპარლამენტო არჩევნების მშვიდობიანი ჩატარება უზრუნველყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პარლამენტი ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლარიზაციის ზრდას და შექმნის სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

  • საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი
  • მწვანე ალტერნატივა
  • EU Georgia info
  • კავშირი საფარი
  • კონსტიტუციის 42-ე მუხლი
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
  • დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
  • საქართველოს ატლანტიკური საბჭო
  • ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

მასალების გადაბეჭდვის წესი