ამის შესახებ განცხადება ენმ-ს საპარლამენტო ფრაქციის სახელით ზურაბ ჯაფარიძემ დღეს ქუთაისში, პარლამენტის შენობაში გააკეთა:
“დღეს უნდა გამართულიყო საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სადაც უნდა განხილულიყო ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობა და აქედან გამოსვლის გზები. საქართველოს მთავრობა, როგორც საქართველოს პარლამენტის უმრავლესობა, მოიქცა სრულიად უპასუხისმგებლოდ და არ გამოცხადდა ამ სხდომაზე. ჩვენი შეფასებით საქართველოს ეკონომიკა იმყოფება კოლაფსის წინაშე. ლარის გაუფასურებამ დააზარალა თითოეული ქართული ოჯახი.
კლებულობს ექსპორტი, კლებულობს ტურიზმი. წელს მრავალი წლის შემდეგ რეალური გახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სეკვესტრი. ამ დრამატულ ვითარებაში საქართველოს მთავრობა არის სრულაიად უმოქმედო. მას არ გააჩნია მეტნაკლებად მწყობრი გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყნის ამ კრიზისიდან გამოყვანა. მეტიც, ის უარს აცხადებს იმ გეგმის განხილვაზე, რომელიც მომზადებულია ჩვენ მიერ. ეს არის ერთადერთი ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც არსებობს ქვეყანაში.
ქვეყნის რეალური მმართველი ივანიშვილი ცინიკურად მოუწოდებს მოსახლეობას, რომ მათ დაიქირაონ ბანკირები და ისწავლონ ფულის დაბანდება. ის დასცინის მოსახლეობას და მთელი ქართული ოცნება კვერს უკრავს. საქართველოს მთავროაბს არ აქვს გეგმა და აღარ უსმენს ქართველ ხალხს. მას არ ესმის ხალხის ენა. ჩვენი, როგორც ოპოზიციური პარტიის მოვალეობაა, რომ მას ეს ხმა გავაგონოთ. რადგან მათ ეს არ ესმით პარლამენტში ეს მოხდება თბილისში, დედაქალაქში, რუსთაველის გამზირზე. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვინც გრძნობს თავს შეურაცხყოფილად და მოტყუებულად ხელისუფლების მიერ, ეს მთავრობა არის უნიათო და არაფრის მაქნისი. შევიკრბოთ 21 მარტს რუსთაველის გამზირზე და ერთად მოვითხოვოთ გადადგეს უნიათო მთავრობა. გელით ყველას 21 მარტს რუსთაველის გამზირზე. “
