ახალი ამბები

საერთაშორისო გამოხმაურება ბორის ნემცოვის მკვლელობაზე

28 თებერვალი, 2015 •
საერთაშორისო გამოხმაურება ბორის ნემცოვის მკვლელობაზე

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ბარაკ ობამამ ბორის ნემცოვის მკველობა დაგმო: 

 

“აშშ გმობს ბორის ნემცოვის სასტიკ მკვლელობას და მოუწოდებს რუსეთის მთავრობას, ჩაატაროს სწრაფი, მიუკერძოებლი და ღია გამოძიება, რაც უზრუნველყოფს მკვლელობის გახსნას. ამ სასტიკი მკვლელობის მონაწილეები უნდა წარსდგნენ მართლმსაჯულების წინაშე” – ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

 

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ბორის ნემცოვის მკვლელობას “სამარცხვინო აქტი” უწოდა. მერკელმა რუსეთის პრეზიდენტს მკვლელობის გახსნა და დამნაშავეების სათანადოდ დასჯა მოსთხოვა – ნათქვამია გერმანიის კანცლერის პრესსამსახურის განცხადებაში. 

 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შსს-სა და ეფ-ეს-ბეს საგამოძიებო ჯგუფის შექმნა დაავალა ოპოზიციონერი ბორის ნემცოვის მკვლელობის გამოსაძიებლად. რია ნოვოსტის ინფორმაციით, ეს განცხადება პუტინის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა გააკეთა.

 

“პუტინმა აღნიშნა, რომ ამ სასტიკ ქმედებას შეკვეთილი მკვლელობის ყველა ნიშანი აქვს და პროვოკაციულ შინაარსს ატარებს”, – განაცხადა პესკოვმა.

 

მისივე თქმით, გამოძიების საკითხი რუსეთის პრეზიდენტს პირად კონტროლზე აჰყავს.

 

მოსკოვში 27 თებერვალს, საღამოს ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი მოკლეს.

 

რუსეთის შსს-ს ინფორმაციით, ნემცოვს ოთხჯერ ესროლეს. იგი თავის ნაცნობთან ერთად მოსკოვის ცენტრში გადაადგილდებოდა, რა დროსაც ცეცხლი გაუხსნეს.

 

ბი-ბი-სის ინფორმაციით, მარტში ნემცოვი მოსკოვში მასშტაბური დემონსტრაციის მომზადებაზე მუშაობდა უკრაინაში ომის წინაღმდეგ სახელწოდებით – “ვესნა”. ამასთან, იმავე BBC-ის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში ნემცოვმა განაცხადა: ” ეშინოდა, რომ პუტინი მას მოკლავდა  უკრაინასთან ომის მიმართ გამოხატული კრიტიკული პოზიციის გამო.” 

ნემცოვი 1998 წელს ელცინის პრეზიდენტობისას ვიცე-პრემიერის პოსტს იკავებდა. მანამდე ნიჟნი ნოვგოროდის გუბერნატორი იყო. ნემცოვი რუსეთის პარლამენტის ყოფილი წევრიცაა. 2008 წლიდან იგი რუსული ლიბერალური მოძრაობის, “სოლიდარნოსტის” აქტიური წევრი იყო

 

მასალების გადაბეჭდვის წესი