იმის გამო, რომ ტელეკომპანია “TV8” საკუთარ სამაუწყებლო ბადეში საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემებს არ ათავსებს, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სალიცენზიო პირობების დარღვევად მიიჩნია. კერძო საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის ფარგლებში “TV8” ვალდებული იყო მინიმუმ ორი თემატიკის პროგრამებით, საინფორმაციო გამოშვებებით და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემებით იმაუწყებლოს.
როგორც gncc-ს განცხადებაშია ნათქვამი, კომისიის სხდომაზე, ტელეკომპანია “TV8”-ს წარმომადგენლებმა აღიარეს დარღვევა და განაცხადეს, რომ კომპანია უახლოვეს მომავალში შესთავაზებს მაყურებელს საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის გადაცემებს.
კომისიამ შპს “TV8” წერილობით გააფრთხილა და კომპანიას დარღვევის აღმოფხვრისთვის ერთვიანი ვადა განუსაზღვრა.
26 თებერვლის ხდომაზევე კომისიამ მედიაცენტრი „ღია აფხაზეთს“, იგივე რადიო „აფხაზეთის ხმას“ წერილობითი გაფრთხილება იარაღის რეკლამის განთავსების გამო დააკისრა.
“რადიო „აფხაზეთის ხმის“ ეთერში იარაღის რეკლამა იყო განთავსებული, შემდეგი შინაარსით: „კალიბრი გილოცავთ დამდეგ 2015 წელს და გთავაზობთ უპრეცედენტო აქციას – ბერეტას, ბენელის, გლოკის და ჩეზეს მარკის იარაღები ყველაზე დაბალ ფასში, თუკი სხვა მაღაზიაში ნახავთ უფრო იაფ პროდუქციას, კალიბრი აგინაზღაურებთ სხვაობას, ყველა მყიდველი დასაჩუქრდება, ინფორმაციისათვის დარეკეთ…“ „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, აკრძალულია საბრძოლო იარაღის რეკლამის გავრცელება. შეგახსენებთ, იარაღის რეკლამის გავრცელების გამო კომისიამ რამდენიმე კვირის წინ რადიო „იმედსაც“ დააკისრა სანქცია”, – წერია კომისიის განცხადებაში.
ამავე სხდომაზე წერილობითი გაფრთხილება კომისიამ რადიო კომერსანტს მისცა.
“შპს „ჩვენ რადიო“, რომელიც ბრენდული სახელწოდება – „კომერსანტით“ არის ცნობილი კომისიამ წერილობით გააფრთხილა, რადგან რადიო „კომერსანტი“ საკუთარ ეთერში დასპონსორებულ ახალ ამბებს ანთავსებდა. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, დაუშებელია საინფორმაციო გამოშვებების და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების სპონსორობა.”