საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში დღეს, 26 თებერვალს ბრიუსელში შეხვდნენ.
ოფიციალური ინფორმაციით, შეხვედრაზე ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ეფექტური იმპლემენტაცია, რეგიონში არსებული ვითარება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინაშე არსებული საფრთხეები განიხილეს.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ღარიბაშვილმა მოგერინი საქართველოში მოიწვია.
“პრემიერმა ისაუბრა იმ რეფორმებზე, რომელსაც ხელისუფლება ეკონომიკისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით ახორციელებს. პრემიერის განცხადებით, საქართველო ყველაფერს გააკეთებს, რათა ვიზის ლიბერალიზაციის საკითხი დადებითად გადაწყდეს და საქართველო რიგის სამიტზე გახდეს წარმატების მაგალითი. ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრისას კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსი ეროვნულ არჩევანს წარმოადგენს და ის შეუქცევადია. პრემიერთან საუბრისას ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კმაყოფილება გამოთქვა საქართველოს მიერ ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველი ფაზის წარმატებით განხორციელებასთან დაკავშირებით და ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს წვლილი ევროკავშირის საერთაშორისო მისიებში”, -წერია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.