“მგონია, რომ ზომიერება უნდა იყოს ყველა შემთხვევაში დაცული, როდესაც საჯარო მოხელეების ანაზღაურებაზეა საუბარი, მაგრამ არც ის მიმაჩნია სწორად, რომ ხაზი გავუსვათ იმას, რომ საჯარო მოხელეებს მაინცდამაინც დაბალი ხელფასი უნდა ქონდეთ. ჩემი მემარცხენე შეხედულებიდან გამომდინარე, ზოგადად მიმაჩნია და თავს ვალდებულად ვთვლი, რომ მაქსიმალურად შევზღუდო ჩემი თავი, მაგრამ კანონით თუ იქნება ასეთი შეზღუდვა, საჯარო მოხელეებს, რომელთაც მაღალი კვალიფიკაცია აქვთ, მოტივაცია შეუმცირდებათ იყვნენ იმ პოზიციაზე, რა პოზიციაზეც არიან. ყველას მემარცხენე შეხედულებების გაზიარებას ვერ ვაიძულებთ, შესაბამისად, იმ ადამიანებს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მათი კვალიფიკაცია საჭიროებს შესაბამის ანაზღაურებას, ჩვენ, საზოგადოება, ხალხი, უნდა ვუხდიდეთ იმ თანხას, რაც საჭიროა, რომ მათ საკმაოდ კვალიფიცურად შეასრულონ მათი ვალდებულება. მე პირადად მიმაჩნია, რომ ამ ქვეყანას თუ უანგაროდ ემსახურება ადამიანი, არის სათნო ღვთისათვის და მისაღები ერისთვის”,- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) მინისტრებისა და მათი მოადგილეების შემოსავლები შეისწავლა. შედეგის თანახმად, რიგ სამინისტროებში მოადგილეების შემოსავლები სარგოს, პრემიის და დანამატის ერთობლიობით მინისტრების ხელფასს აჭარბებს. ორგანიზაცია ასევევ არკვევდა, რამდენად შესაბამისობაშია მინისტრების 2014 წლის სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავლები დადგენილებით განსაზღვრულ შრომის ანაზღაურებასთან, რომლის მიხედვითაც მინისტრის წლიური შემოსავალი განსაზღვრულია 75 000 (ხელზე 60 000) ლარის ოდენობით.
ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ანალიზის თანახმად, პრემიების და თანამდებობრივი სარგოს რაოდენობა დარეგულირებულია, მაგრამ ამის ფონზე მინისტრები და მათი მოადგილეები სახელფასო დანამატს იღებენ, რითაც ის დანაკლისი ივსება, რაც პრემიის რაოდენობის დარეგულირებით გაუჩნდათ.