ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

გავრილოვი მიიჩნევს, რომ ახალ პრემიერს რუსეთთან ღია მოლაპარაკების მამაცობა ეყოფა

3 სექტემბერი, 2019 • 1147
გავრილოვი მიიჩნევს, რომ ახალ პრემიერს რუსეთთან ღია მოლაპარაკების მამაცობა ეყოფა

“საქართველოს პრეზიდენტისგან დამოუკიდებელ, საქართველოს მთავრობის მომავალ ხელმძღვანელს ეყოფა მამაცობა, რუსეთთან თანამშრომლობის აღდგენის მიზნით გულწრფელ მოლაპარაკებებზე წამოვიდეს “- რუსეთის დუმის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა რუსულ მედიასთან საუბარში გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის პოსტზე შესაძლო დანიშვნის შესახებ კომენტარი ჯერ კიდევ გუშინ, 2 სექტემბერს გააკეთა.

ამასთან, გავრილოვი აცხადებს, რომ გიორგი გახარია თბილისში ივნისის დარბევის დროს ხისტი პოზიციით გამოირჩეოდა.

დღეს, 3 სექტემბერს ბიძინა ივანიშვილმა პრემიერობის ახალი კანდიდატი, მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია დაასახელა.

გიორგი გახარია 1994 წლიდან 2013 წლამდე სწავლობდა და მუშაობდა მოსკოვში, რუსეთში. საქართველოში 2013 წელს ბიზნესომბუდსმენად დაიწყო მუშაობა და ამ პოზიციას 2016 წლის ივლისამდე ინარჩუნებდა. 2016 წლის ნოემბრიდან 2017 წლის ნოემბრამდე იყო საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, 2017 წლის 13 ნოემბრიდან კი ეკავა ვიცე-პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი.

გიორგი გახარიამ თქვა, რომ თავად ხელმძღვანელობდა თბილისში 20-21 ივნისის აქციის დარბევას, რა დროსაც არაერთმა ადამიანმა დაკარგა თვალი, პოლიციელების ნასროლი რეზინის ტყვიებით კი დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 40-მდე ჟურნალისტი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი