ახალი ამბები

მდინარაძე ფეიქნიუსს უწოდებს პარლამენტში გახარიას კანდიდატურის ჩაგდების ვერსიას

3 სექტემბერი, 2019 • 1019
მდინარაძე ფეიქნიუსს უწოდებს პარლამენტში გახარიას კანდიდატურის ჩაგდების ვერსიას

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ფეიქნიუსს (დეზინფორმაცია) უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შესაძლოა საპარლამენტო უმრავლესობამ პრემიერის თანამდებობაზე გიორგი გახარიას კანდიდატურას მხარი არ დაუჭიროს, რაც პროცესებს ვადამდელი არჩევნებისაკენ წაიყვანს, რომელიც არსებული კანონმდებლობით სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით ვერ ჩატარდება.

როგორც მდინარაძემ ნეტგაზეთს განუცხადა, ეს უბრალოდ “მოგონილი ამბავია” და  გამორიცხავს, რომ გახარიას კაბინეტი და პროგრამა პარლამენტმა ჩააგდოს.

მას ასევე ვკითხეთ, ემუქრება თუ არა რაიმე საფრთხე საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლითაც ქვეყანაში 2020 წლის არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით უნდა ჩატარდეს. მდინარაძის თქმით, დროში მოსწრებასთან დაკავშირებით ამ საკითხს საფრთხე არ ემუქრება. მისი თქმით, მხოლოდ ერთადერთი თეორიული საფრთხე არსებობს:

“საკონსტიტუციო ცვლილებებს საფრთხე არ ემუქრება. “ქართული ოცნება” არც ფიქრობს გულში იმას, რომ ასეთ ფუნდამენტურ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით რამე პოზიცია შეცვალოს. საფრთხე დაუმუქრება მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თეორიულად, რომ დავუშვათ, თუ ოპოზიციური პარტიები იტყვიან ამაზე უარს. ქართული ოცნება ამ დაპირებაზე უარს არ იტყვის”, – ამბობს მდინარაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი