ნეტგაზეთი | პუტინთან სადილისთვის ცნობის გაყალბების გამო ორნელა მუტის პატიმრობა ან ჯარიმა ემუქრება პუტინთან სადილისთვის ცნობის გაყალბების გამო ორნელა მუტის პატიმრობა ან ჯარიმა ემუქრება – Netgazeti
Batumelebi | RU

პუტინთან სადილისთვის ცნობის გაყალბების გამო ორნელა მუტის პატიმრობა ან ჯარიმა ემუქრება

ორნელა მუტის იტალიის სასამართლომ პუტინის მიერ გამართულ ვახშამზე დასწრებისა და სპექტაკლში მონაწილეობის არმიღების მიზნით სამედიცინო ცნობის გაყალბების გამო 8-თვიანი პატიმრობა ან 30 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.

იტალიური მედიის today.it-ის ცნობით, ჩრდილოეთ იტალიის ქალაქ პორდენონეს სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2010 წლის 10 დეკემებერს ამავე ქალაქში მდებარე ვერდის თეატრში ორნელა მუტიმ გაყალბებული ცნობა წარადგინა.

oggi.it-ის ინფორმაციით, მუტი წარდგენილი ცნობის საფუძველზე თეატრს სთხოვდა  სპექტაკლი ავადმყოფობის გამო გადაედო. მუტის თეატრთან გაფორმებული კონტრაქტის მიხედვით, 25 ათასი ევრო წინასწარ ჰქონდა აღებული.

რუსული საკაბელო ტელევიზიის ვებგვერდი rt.com იუწყება, რომ სპექტაკლის გამართვის დღეს მუტი რუსეთის მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ვლადიმერ პუტინის მიერ გამართულ საქველმოქმედო ვახშამს დაესწრო ქევინ ქოსთნერთან ერთად. მუტის ყოფნა ვახშამზე ვიდეოზეა აღბეჭდილი.

2010 წლის 10 დეკემბერს საქველმოქმედო ვახშამი პეტერბურგის ყინულის სასახლეში გაიმართა ბავშვთა კიბოსა და თვალის დაავადებების წინააღმდეგ. ღონისძიებას ასევე დაესწრნენ მსახიობები- ვინსენ კასელი, ჟერარ დეპარდიე, მონიკა ბელუჩი, კურტ რასელი, შერონ სტოუნი და მიკი რურკი.

ორნელა მუტი და ვლადიმერ პუტინი. ფოტო: oggi.it
ორნელა მუტი და ვლადიმერ პუტინი. ფოტო: oggi.it

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
მიშა მეფარიშვილი