ახალი ამბები

გიორგი მარგველაშვილი ნოდარ ხადურსა და გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა

26 თებერვალი, 2015 •
გიორგი მარგველაშვილი ნოდარ ხადურსა და გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა

გიორგი მარგველაშვილის თქმით, ქვეყნის ეკონომიკურ გუნდს დრო 5 მარტამდე უნდა მიეცეს, რათა ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგინონ.

 

„მე დღეს ასევე შევხვდი მთავრობის ეკონომიკურ გუნდს, რომელმაც წარმომიდგინა სავალუტო სტაბილიზაციის მიმართულებით გასატარებელი ქმედებების ძირითადი მიმართულებები. ეკონომიკური გუნდის მინისტრები ახლა ინტენსიურად მუშაობენ სავალუტო ფონდის მისიასთან, რომელიც საქართველოში იმყოფება და უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ, სავალუტო ფონდის მისიის ვიზიტის დასრულებისთანავე, ქართულ საზოგადოებას წარმოუდგენენ სავალუტო სტაბილიზაციის მიმართულებით გასატარებელი მოკლე და საშუალოვადიანი ქმედებების გეგმას. სავალუტო ფონდის მისია საქართველოდან 4 მარტს მიდის, შესაბამისად, მიმაჩნია, რომ ჩვენ 5 მარტამდე უნდა მივცეთ დრო მთავრობის ეკონომიკურ გუნდს, რათა ძალიან კონკრეტულად წარმოუდგინოს საზოგადოებას თავიანთი ხედვა არსებული სირთულეების დაძლევის მიმართულებით”, – ამბობს მარგველაშვილი.

 

ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით “ნაციონალურმა მოძრაობამ” 27 თებერვალს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დანიშვნას მოთხოვნით პრეზიდენტს მიმართა. მოთხოვნის თანახმად სხდომას პრემიერ-მინისტრი და ეკონომიკური ბლოკის მინისტრებიც უნდა დაესწრონ.

 

2014 წლის 25 ნოემბრიდან მოყოლებული, როდესაც ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება დაიწყო, ეროვნულმა ბანკმა ინტერვენცია ხუთჯერ განახორციელა და, ჯამში, 200 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა, თუმცა დოლართან მიმართებაში ლარი კვლავ უფასურდება.

 

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დღევანდელი მდგომარეობით დადგენილი სავალუტო კურსით 1 აშშ დოლართან მიმართებაში ეროვნული ლარი 2.2619 ნიშნულზე, ხოლო ევროსთან მიმართებაში  – 2.5573 ნიშნულზეა.

მასალების გადაბეჭდვის წესი