ახალი ამბები

პროკურატურა ადასტურებს, რომ აპირებს ხაზარაძე/ჯაფარიძის საქმის დეტალები დიპლომატებს გააცნოს

2 სექტემბერი, 2019 • 1427
პროკურატურა ადასტურებს, რომ აპირებს ხაზარაძე/ჯაფარიძის საქმის დეტალები დიპლომატებს გააცნოს

პროკურატურა ადასტურებს ინფორმაციას, რომ თიბისი ბანკის დამფუძნებლების საქმეზე მიმდინარე საგამოძიებო პროცესში უცხოელი ექსპერტები ჩართეს და მათ მიერ მომზადებულ დასკვნას დიპლომატებს გააცნობენ.

მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან დახურული შეხვედრა 6 სექტემბერს არის დანიშნული, თუმცა თარიღს მთავარი პროკურატურა არ ადასტურებს.

ამასთან, უწყება ე.წ ფულის გათეთრებაში ბრალდებულებს ახსენებს, რომ მათ უარი თქვეს “საერთაშორისო პრაქტიკის გამოყენებაზე”, რადგან როგორც პროკურატურის განცხადებაში ვკითხულობთ, ასეთ საქმეებში ბრალდებულების მიმართ წინასწარი პატიმრობა გამოიყენება.

“აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში, ბრალდების მხარის ინიციატივით, უკვე ჩართულები არიან  უცხოელი, უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე ექსპერტები.

რაც შეეხება ბრალდებულთა მხრიდან გავრცელებულ ინფორმაციას 6 სექტემბერს დაგეგმილ ე.წ. დახურულ  შეხვედრასთან დაკავშირებით, განვმარტავთ, რომ აღნიშნულ დროს არანაირი  შეხვედრა არ იგეგმება, თუმცა უმაღლესი კვალიფიკაციის უცხოელი ექსპერტების მიერ მომზადებულ დასკვნას აუცილებლად გაეცნობიან საერთაშორისო ორგანიზაციები, საქართველოში აკრედიტებული  დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.

აქვე დავძენთ, რომ აბსოლუტურად არაადეკვატური და მიუღებელია პრეზუმფციული ხასიათის ეჭვის შეტანა საერთაშორისო ავტორიტეტის მქონე იურისტების მიუკერძოებლობაში, მხოლოდ და მხოლოდ იმ საბაბით, რომ მათ საექსპერტო დასკვნის მომზადება საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ შესთავაზა.

ბრალდებულთა მხრიდან ექსპერტების  საქმიანობის  და პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენელთა ჩართულობის მიმართ ეჭვების დაფიქსირება მათი მხრიდან პრევენციულ ხასიათს ატარებს და  მიზნად ისახავს  წინმსწრებად დასკვნის დისკრედიტაციას.

ობიექტურობის და ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლესი სტანდარტის მაჩვენებელია ის გარემოებაც, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, ბრალდებულთა ინტერესების გათვალისწინებით, უარი თქვა საერთაშორისო პრაქტიკის გამოყენებაზე, როდესაც მსგავსი შინაარსის საქმეებში მხილებული პირები სასამართლოს განაჩენს  წინასწარ პატიმრობაში ხვდებიან,”-აცხადებენ პროკურატურაში.

BMG აქვეყნებს წერილს, რომელიც სააგენტოს ცნობით, სავარაუდოდ, დიპლომატებს გაეგზავნათ. წერილის თანახმად, 6 სექტემბერს დანიშნილ შეხვედრაზე სისხლის სამართლის ორი ექსპერტი, პოლ კოფი და მოშე ლედორი თიბისი დამფუძნებლების საქმეზე საკუთარ დასკვნას წარადგენენ. წერილთან დაკავშირებით პროკურატურაში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.

მათ გარდა, შეხვედრას მთავარი პროკურორის მოადგილეც დაესწრება. როგორც წერილში ვკითხულობთ, მონაწილეებმა შეხვედრაში მონაწილეობის დასადასტურებლად პასუხი 2 სექტემბერს, 18:00 საათმადე უნდა გაგზავნონ.

ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე აცხადებენ, რომ პროკურატურამ მათ საქმეზე სასაუბროდ დიპლომატები დახურულ შეხვედრაზე მიიწვია. როგორც ხაზარაძე და ჯაფარიძე დღეს, 2 სექტემბერს, გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავენ, პროკურატურა გეგმავს, დიპლომატებს 6 სექტემბერს გააცნოს თავისივე დაქირავებული ორი უცხოელი ექსპერტის მოსაზრებები თუ დასკვნა მათ საქმეზე:

“აღნიშნული დახურული შეხვედრა წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციითა და ცივილიზებულ სამყაროში დადგენილი პრინციპების უხეშ უპატივცემულობას. ჩვენთვის გაუგებარია, რას შეიძლება ემსახურებოდეს დახურულ კარს მიღმა მხოლოდ ერთი მხარის მიერ ინფორმაციის მიწოდება კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე (რომელზეც ჯერ სასამართლო განხილვა არც კი დაწყებულა) გარდა იმისა, რომ სასამართლო პროცესამდე გაგვასამართლონ და გამოგვაცხადონ დამნაშავეებად”.

მასალების გადაბეჭდვის წესი