ახალი ამბები

ფოთი-თბილისის მატარებლის ვაგონის მოხატვის გამო შსს-მ გამოძიება დაიწყო

2 სექტემბერი, 2019 • 2158
ფოთი-თბილისის მატარებლის ვაგონის მოხატვის გამო შსს-მ გამოძიება დაიწყო

ფოთი-თბილისის მატარებლის ვაგონის ერთი კედლის მოხატვის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. როგორც ნეტგაზეთს სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

დამტკიცების შემთხვევაში 187-ე მუხლი შემდეგ სასჯელს ითვალისწინებს: ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

ნეტგაზეთს საქართველოს რკინიგზაში განუცხადეს, რომ საპატრულო პოლიციას რკინიგზის თანამშრომლებმა მიმართეს. მათივე თქმით, მატარებელმა დღეს, 2 სექტემბერს დაგეგმილი რეისი ჩვეულებრივ შეასრულა.

“თანამშრომლები დილით რომ მივიდნენ, ერთი ვაგონის კედელი მოხატული დახვდათ. ბუნებრივია, მათ საპატრულო პოლიციას მიმართეს, რადგან სახელმწიფო ქონებაა დაზიანებული,”-აცხადებენ რკინიგზაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი