“ერთ-ერთი საკითხი, რომელიც განვიხილეთ, იყო ის, თუ როგორ შევუმსუბუქოთ [ლარის გაუფასურების გამო] ტვირთი მოსახლოების იმ ნაწილს, რომელსაც დოლარში აქვს სესხი აღებული და შემოსავალი ლარში. ბანკებს დაევალათ, ერთი კვირის განმავლობაში წარმოადგინონ გეგმები, რომელიც ასახავს, თუ რა მიდგომები ექნებათ მათ ასეთ კლიენტებთან დაკავშირებით. [ბანკები] მაქსიმალურად მოქნილები უნდა იყვნენ. საუბარი არის სესხის ვადიანობის გაგრძელებაზე, ან სხვა ტიპის რესტრუქტურიზაციაზე იმისთვის, რომ ყოველთვიური სესხის მომსახურების თანხა შემცირდეს და შვება იგრძნონ იმ ადამაინებმა, რომელთაც სესხი აქვთ დოლარში და შემოსავალი ლარში.
ჩვენ კაგრად გვესმის, რომ ეს არ არის საკიხთის ფუნდამენტური მოგვარება, მაგრამ სანამ აღდგება სავალუტო შემოდინებები, ფუნადამენტური ფაქტორები გამოსწორდება და როდესაც ლარს ექნება გამყარების ტენდენცია, იქამდე იქნება გარკვეული შვება ამ ადამიანებისთვის”, – განაცხადა ქადაგიძემ და დასძინა, რომ ერთ კვირაში ეროვნულ ბანკს ყველა ბანკი წარუდგენს თავის გეგმას ზემოხსენებულ პრობლემასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ბანკების მიდგომები ინდივიდუალური იქნება და შეუძლებელია ამის სტანდარტიზაცია გაკეთდეს.
თი-ბი-სი ბანკის გენერალური დირექტორის, ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით, ზემოხსენებული გეგმა შეეხება ფიზიკურ პირებს, რომელთაც სესხი უცხოურ ვალუტაში აქვთ აღებული, ხოლო შემოსავალი – ლარში. ამასთან, ბუცხრიკიძის განმარტებით, ქადაგიძესთან შეხვედრაზე საუბარი არ ყოფილა სესხის საპროცენტო განაკვეთების შემცირებაზე:
“ძირითადად ეს შეეხება იპოთეკურ სესხებს, რომელიც არის უცხოურ ვალუტაში და იმ ადამიანებს, რომელთაც შემოსავალი ადგილობრივ ვალუტაში აქვთ. თითოეული ასეთი მსესხებლის შემოსავალს გავაანალიზებთ და ინდივიდუალური ანალიზის შესაბამისად შევეცდებით გავითვალისწინოთ რეალობა და გადახდის გრაფიკი მოვარგოთ მას. იდეაში უნდა გავიაზროთ, თითოეული მსესხებლის მიხედვით, რამდენად შეიძლება გრაფიკის გაგრძელება, რომ ადამიანს დაახლოებით იმის ფარგლებში დარჩეს იმის გადასახადი, რაც რამდენიმე თვის წინ ჰქონდა”, – განაცხადა ბუცხრიკიძემ.