ბიძინა გეგიძეს უმრავლესობა დაატოვებინეს

დეპუტატ ბიძინა გეგიძეს საპარლამენტო უმრავლესობა დაატოვებინეს. შესაბამისი გადაწყვეტილება “ქართული ოცნების” სხდომაზე მიიღეს.

როგორც მმართველი პარტიის წევრმა, გია ვოლსკიმ, მედიას განუცხადა, დაგროვდა საკითხები, რომლებზეც უმრავლესობასა და გეგიძეს “რადიკალურად განსხვავებული პოზიციები ჰქონდათ”, რასაც აღნიშნული გადაწყვეტილება მოჰყვა.

გეგიძე პარტიის პოლიტსაბჭოს წევრად ამ დრომდე რჩება.

როგორც ბიძინა გეგიძემ “ნეტგაზეთს” უთხრა, აღნიშნული ცნობა მედიისგან შეიტყო და მანამდე არავინ დაკავშირებია.

“სხდომას არ ვესწრებოდი, არ მიმაჩნია განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხად. გვიან საღამოს ამაზე ვრცელ კომენტარს ვერ გავაკეთებ”, – თქვა მან.


ანტიკორუფციულ სააგენტოში 2018 წლის 2 აგვისტოდან მიმდინარეობს გამოძიება, რომლის ფარგლებშიც ბიძინა გეგიძე მოწმის სახით გამოკითხვაზე 19 აგვისტოს დაიბარეს. გეგიძე აღნიშნულს თავის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებდა,  კერძოდ, ყოფილი პრემიერი-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მხარდაჭერას და მმართველი გუნდის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან