როგორც MyAuto.ge-ზე განთავსებული განცხადებიდან ირკვევა, მანქანა ეკუთვნის ვინმე შმაგის, თუმცა მითითებულ ნომერზე “ნეტგაზეთს” მამაკაცმა უპასუხა და უთხრა, რომ შმაგი მუთოშვილი მისი ნათესავია, ხოლო თავად არის დავით ბაღაკაშვილი და საიტზე მანქანის შესახებ განცხადება ნათესავის თხოვნით განათავსა.

 

“ეს არის ჩემი ბიძაშვილის მანქანა, რომელიც ცხოვრობს რუსეთში და აქაური მოქალაქეობაც აქვს. მანქანა შემოიყვანა ლარსიდან გუშინწინ, რომ გაეყიდა აქ. თბილისში რომ შემოიყვანა მანქანა, რაღაც გაუფუჭდა და ქუჩაში გააჩერა, შეიძლება უადგილო ადგილას იყო გაჩერებული, მაგრამ დილით სხვა ადგილზე გადავაყენეთ. ეს არის ჩამოწერილი მანქანები, რომლებსაც რუსეთში ყიდიან და ამაზე ბევრი განცხადებაა. ამას წინათაც ჩამოვიყვანეთ მანქანები აქ გასაყიდად”, – გვითხრა ბაღაკაშვილმა.

მისივე თქმით, ამ მანქანებს ძირითადად სოფლებში იყენებენ და ისინი სხვა პირებსაც შემოუყვანიათ საქართველოში გასაყიდად. ბაღაკაშვილი ამბობს, რომ ჩამოყვანილი მანქანები განბაჟებას ექვემდებარება და სხვა ქვეყანაში გადასაყვანად არ არის გამიზნული. 

 

„საქართველოში იყიდება, განბაჟებას ექვემდებარება და სოფლებში იყენებენ და ამისთვის არის ჩამოყვანილი. სხვებსაც ჩამოუყვანიათ ეს მანქანები, რა ფასად შეიძინა იქ, არ ვიცი“.

 

ერთ-ერთ რუსულ ვებ-გვერდზე, cars.ru-ზე, რომელიც მანქანებით ვაჭრობს, გამოქვეყნებულია ინფორმაცია, რომ ZIL131, რომელიც მუთოშვილმა საქართველოში შემოიყვანა და myauto.ge-ზე 9000 დოლარად იყიდება, 2-7 ათასი დოლარი ღირს, გააჩნია, რა მდგომარეობაშია მანქანა.

 

რუსულნომრიანი სატვირთო მანქანების ფოტოები გუშინ სოციალურ ქსელებსა და ზოგიერთ მედიაში გავრცელდა და მკითხველებს შორის გაჩნდა მოსაზრებები და ეჭვები, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო რუსეთის სამხედრო დანიშნულების მანქანები. ამის საპასუხოდ გუშინ საღამოს შსს-ს პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა ფეისბუქზე გამოაქვეყნდა შემდეგი პოსტი: 

 

“სოციალურ მედიაში გავრცელდა ფოტოსურათები, სადაც დაფიქსირებულია სატვირთო ავტომანქანები რუსული სატრანზიტო ნომრებით. შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ ავტომანქანებზე სრულ ინფორმაციას ფლობს. ავტომანქანებს სამხედრო დანიშნულება არ გააჩნია და არავითარ საფრთხეს საქართველოს ან მისი მეზობელი ქვეყნების ინტერესებისთვის არ წარმოადგენს. სატვირთო ავტომანქანები შესყიდულია კერძო პირის მიერ რუსეთის ფედერაციაში. მათ მინიჭებული აქვთ სატრანზიტო ნომრები, რომლითაც მესამე ქვეყანაში გასვლა იკრძალება. ავტომანქანების მფლობელი პირი იდენტიფიცირებულია, ხოლო აღნიშნული ავტომანქანები დგას თბილისში, მეორადი გამოყენებისა და სათადარიგო ნაწილებად რეალიზაციისათვის”.

 

ბაღაკაშვილის თქმით, მუთოშვილი წუხელ დაბარებული იყო პოლიციაში, თუმცა ამის შესახებ დეტალები არ იცის.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *