ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მოსკოვი თბილისსა და ცხინვალს კონსტრუქციული დიალოგისკენ მოუწოდებს

30 აგვისტო, 2019 • 2523
მოსკოვი თბილისსა და ცხინვალს კონსტრუქციული დიალოგისკენ მოუწოდებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოფელ წნელისთან ქართული პოლიციის საგუშაგო პოსტის გახსნასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაში “მხარეებს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის, ასევე ჟენევის დისკუსიების ფარგლებში, თავშეკავებისკენ და საკამათო საკითხების კონსტრუქციული განხილვის გაგრძელებისკენ” მოუწოდებს.

აქვე, რუსეთის საგარეო უწყება ქართულ მხარეს “ცხინვალის მიერ საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხზე შეთავაზებული მოალაპარაკებების დაწყების შესახებ თბილისის მიერ მრავალჯერადი უარის ფონზე” პროვოკაციულ მოქმედებებში ადანაშაულებს.

“ამ პირობებში სამხრეთ ოსეთის მხარე იძულებულია ყველა სამუშაო ცალმხრივ რეჟიმში განახორციელოს. ეს სამხრეთ ოსეთის სუვერენული უფლებაა. უკანასკნელი თვეების განმავლობაში თბილისი მიზანმიმართულად ძაბავდა სიტუაციას საზღვარზე პროვოკაციული აქციებისა და პოლიტიკურ-პროპაგანდისტული კამპანიების მეშვეობით, რომელსაც დასავლეთის ქვეყნების მხარდაჭერით ახორციელებდა. რაც უფრო მეტად ამწვავებდა სიტუაციას რეგიონში და რამაც, საბოლოო ჯამში, სიტუაციის ამჟამინდელ გამწვავებას შეუწყო ხელი”.

გუშინ, 29 აგვისტოს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დელეგაციამ სოფელ ერგნეთში, საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის [IPRM] ფარგლებში ქართულ და ოსურ მხარეებს შორის მორიგი შეხვედრაზე პირობა დააყენა, რომ პარასკევს, დილის 6 საათამდე სოფელ ჩორჩანაში ქართული პოლიციის ახალი პოსტი გაუქმდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში “მიღებული იქნება კანონით გათვალისწინებული ყველანაირი ზომა და მოსახლეობის დასაცავად ყველა საშუალება იქნება გამოყენებული”. ქართულმა მხარემ ეს პირობა არ შეასრულა.

დღეს კი, სოფელ ჩორჩანაში დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებთან ტექნიკური შეხვედრის დასრულების შემდეგ, ქართული მხარე აცხადებს, რომ შსს საგუშაგო ადგილზე დარჩება, შემდეგი შეხვედრა კი მომავალ კვირას გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი