კირკიტაძეს სასამართლომ 10 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა

საქალაქო სასამართლოს ცნობით, დავით კირკიტაძეს მოსამართლე სპარტაკ პავლიაშვილმა 24 თებერვალს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა და სასამართლოში გამოძახებისთანავე გამოცხადების ვალდებულება დააკისრა.

პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით კირკიტაძისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა. 

 

საგამოძიებო სამსახურმა 23 თებერვალს გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ კირკიტაძემ სახელმწიფოს 248 400 ლარის მატერიალური ზიანი მიაყენა.

 

“2011-2012 წლებში, დავით კირკიტაძის მითითებით, ქვემო ქართლის გუბერნიის კუთვნილმა სპეც-ტექნიკამ, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით, უსასყიდლოდ შეასრულა სამუშაოები დავით კირკიტაძის ძმის, ირაკლი კირკიტაძისა და ყოფილი საჯარო მოხელის, გიორგი უდესიანის ერთობლივი კომპანიების, შპს „ავტოჰაუს- რუსთავი2011“-ისა და შპს „ტიტანი 2011“-ის მიერ, თბილისი-რუსთავის გზატკეცილზე ავტობაზრობის მშენებლობის დროს, რითაც სახელწიფოს მიადგა 248 400 ლარის მატერიალური ზიანი”– ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

დავით კირკიტაძემ, რომელსაც ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, განაცხადა, რომ  იგი საზღვარგარეთ სასწავლებლად არის წასული და ჯერჯერობით ქვეყანაში დაბრუნებას არ აპირებს.

 

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით გრძელდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ქეთი მაჭავარიანი