ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს

30 აგვისტო, 2019 • 897
საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო საზოგადოებას, სათანადო რეაგირება მოახდინოს საოკუპაციო ხაზზე განვითარებულ უკანონო მოვლენებზე და მიიღოს შესაბამისი ზომები მათ შესაჩერებლად.

ასევე, უწყება მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, “შეწყვიტოს მსგავსი უკანონო ქმედებები, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, და პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას”.

“საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს შეშფოთებას საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, საოკუპაციო ხაზთან, საოკუპაციო ძალების მიერ სამხედრო ტექნიკისა და პერსონალის მობილიზების გამო. მსგავსი დესტრუქციული ქმედება, ისევე როგორც საოკუპაციო რეჟიმის ხელმძღვანელობის ყოვლად მიუღებელი განცხადებები, წარმოადგენს მორიგ პროვოკაციას, რაც კიდევ უფრო ამძიმებს უსაფრთხოების გარემოს და მიზნად ისახავს ვითარების დესტაბილიზაციას”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ქართულმა მხარემ აღნიშნული საკითხი 29 აგვისტოს ერგნეთში გამართულ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრაზე დააყენა.

29 აგვისტოს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დელეგაციამ სოფელ ერგნეთში, საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის [IPRM] ფარგლებში ქართულ და ოსურ მხარეებს შორის მორიგი შეხვედრაზე პირობა დააყენა, რომ პარასკევს, დილის 6 საათამდე სოფელ ჩორჩანაში, რომელიც ცხინვალის მტკიცებით, მათი ტერიტორიაა, ქართული პოლიციის ახალი პოსტი უნდა გაუქმდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში “მიღებული იქნება კანონით გათვალისწინებული ყველანაირი ზომა და მოსახლეობის დასაცავად ყველა საშუალება იქნება გამოყენებული”.

თბილისმა არ შეასრულა ოსური მხარის ულტიმატუმი, რომლის მიხედვითაც დღეს, 30 აგვისტოს, დილის 6-ზე, ქართულ მხარეს საგუშაგო პოსტი უნდა დაეშალა. ამ ეტაპზე უცნობია, რა იქნება ცხინვალის და, შესაბამისად, მოსკოვის შემდგომი ნაბიჯები.

მასალების გადაბეჭდვის წესი