ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალის ულტიმატუმი საგუშაგოს 6 საათამდე დაშლაზე, ქართულმა მხარემ არ შეასრულა

30 აგვისტო, 2019 • 1838
ცხინვალის ულტიმატუმი საგუშაგოს 6 საათამდე დაშლაზე, ქართულმა მხარემ არ შეასრულა

თბილისმა არ შეასრულა ოსური მხარის ულტიმატუმი, რომლის მიხედვითაც დღეს, 30 აგვისტოს, დილის 6-ზე, ქართულ მხარეს საგუშაგო პოსტი უნდა დაეშალა.

საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი კახაბერ ქემოკლიძე, რომელიც სოფელ ჩორჩანასთან ჟურნალისტებს ესაუბრა, ამბობს, რომ ულტიმატუმის ენით საუბარი, მით უმეტეს, მოლაპარაკებების დროს, მიუღებელია. აქვე ქართული მხარის წარმომადგენელი იმედს გამოთქვამს, რომ დე ფაქტო ხელისუფლება, ერთი მხრივ, პოზიციას შეარბილებს და გაითვალისწინებს, რომ ხაშურის რაიონში მდებარე სოფელი ჩორჩანა 2008 წლის ომამადეც და მის შემდეგაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორია იყო.

ამ დროისთვის ქართველი პოლიციელები სოფელ ჩორჩანაში რჩებიან.

გუშინ, 29 აგვისტოს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დელეგაციამ სოფელ ერგნეთში, საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის [IPRM] ფარგლებში ქართულ და ოსურ მხარეებს შორის მორიგი შეხვედრაზე პირობა დააყენა, რომ პარასკევს, დილის 6 საათამდე სოფელ ჩორჩანაში, რომელიც ცხინვალის მტკიცებით, მათი ტერიტორიაა, ქართული პოლიციის ახალი პოსტი უნდა გაუქმდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში “მიღებული იქნება კანონით გათვალისწინებული ყველანაირი ზომა და მოსახლეობის დასაცავად ყველა საშუალება იქნება გამოყენებული”.

ამ ეტაპზე უცნობია, რა იქნება ცხინვალის და, შესაბამისად, მოსკოვის შემდგომი ნაბიჯები.

მასალების გადაბეჭდვის წესი