“ეს არის პოლიტიკური დევნა. 2015 წლის 4 იანვრამდე მე ვიყავი ქვეყანაში და ვცდილობდი, რომ საქართველო დიდხანს არ დამეტოვებინა. თუ გამოძიებას რაიმე კითხვები ჰქონდა, მე მზად ვიყავი პასუხისათვის. 4 იანვარს დავტოვე ქვეყანა და წამოვედი სასწავლებლად. 6 თვის შემდეგ მიმთავრდება [სასწავლო] კურსი, საქართველოში ჩამოსვლას ვერანაირად ვერ ვახერხებ, მათ დრო იხელთეს და წამიყენეს ბრალი. 10 ივლისს მიმთავრდება სწავლა და ვაპირებ ქვეყანაში დაბრუნებას და ყველა კითხვას ვუპასუხებ, რომელიც გამოძიებას აქვს. რაც შეეხება ბრალს, სასაცილოდაც არ მყოფნის და არ ვაპირებ ჩემი გეგმების შეწყვეტას იმის მიხედვით, თუ რას მოინდომებს ოლიგარქი, რომელსაც ქვეყანა უფსკრულისკენ მიჰყავს”, – განუცხადა კირკიტაძემ რუსთავი 2-ს.
დღეს, 23 თებერვალს საგამოძიებო სამსახურმა სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა ქვემო ქართლის ყოფილი რწმუნებულ-გუბერნატორი, დავით კირკიტაძე.
“ვინაიდან დავით კირკიტაძე თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, მას დადგენილება ბრალდების შესახებ წარედგინება დაუსწრებლად და საქართველოს მთავარი პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით მოითხოვს პატიმრობას, რისი შეფარდების შემთხვევაშიც მის მიმართ გამოცხადდება ძებნა. საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე უხლით”, – ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.