ახალი ამბები

აშშ-ის 4 სენატორი ტრამპს მიმართავს, რუსეთს G7-ში დაბრუნებაში ხელი არ შეუწყოს

29 აგვისტო, 2019 • 928
აშშ-ის 4 სენატორი ტრამპს მიმართავს, რუსეთს G7-ში დაბრუნებაში ხელი არ შეუწყოს

აშშ-ის ოთხი სენატორი პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მიმართვას, რუსეთის დიდ შვიდიანში (G7) დაბრუნება აღარ მოხდეს.

ღია წერილი მოჰყვა პრეზიდენტის მინიშნებას, რომ 2020 წელს აშშ-ში დიდი შვიდეულის შეხვედრაზე შესაძლოა ვლადიმერ პუტინი მიიწვიოს. სენატორები მიიჩნევენ, რომ ყირმში შეჭრითა და ანექსიით, რითაც რუსეთმა უგულებელყო საერთაშორისო შეთანხმებები, მოსკოვს G8 -ს დატოვება სავსებით სამართლიანად მოუწია.

ყირიმის ანექსიის გარდა, წერილში ის უკანონო ქმედებებიც მოხვდა, რასაც სენატორების თქმით, რუსეთის ფედერაცია სხვადასხვა ქვეყანაში ახორციელებს. მათ შორის ნახსენებია საქართველო და მისი ოკუპირებული ტერიტორიები.

“ამ წერილით გვინდა დავაფიქსიროთ ჩვენი მკაცრი პოზიცია რუსეთის პრეზიდენტისა და რუსეთის ფედერაციის დიდ შვიდიანში დაბრუნების საკითხზე. G7-ის მიზანია გლობალური ეკონომიკის წინსვლა, რომელიც საერთაშორისო სამართალსა და საერთო ღირებულებებს დაეფუძნება. დღეისთვის რუსეთს არც დემოკრატიული ინსტიტუტები და არც ეკონომიკური რესურსები არ გააჩნია იმისთვის, რომ ამ გაერთიანების ნაწილი იყოს”, – ნათქვამია ღია წერილში.

სენატორები პრეზიდენტ ტრამპს ახსენებენ, რომ რუსეთი საერთაშორისო ნორმების დარღვევას აგრძელებს 2014 წლიდან,  ანუ მისი დიდი რვიანიდან გამოძევების შემდეგაც. ამის მაგალითებად მოჰყავთ აშშ-ის არჩევნები, საქართველოში მიმდინარე საოკუპაციო ქმედებები, მსოფლიოში სხვადასხვა მილიტარისტული და ავტორიტარული ხელისუფლებების მხარდაჭერა და სხვა ფაქტები.

“ამ გარემოებების გათვალისწინებით დაუშვებელია პრეზიდენტ პუტინის მონაწილეობა დიდ შვიდიანში მანამ, სანამ რუსეთის ხელისუფლება შესაბამის ნაბიჯებს არ გადადგამს და არ აჩვენებს, რომ მზად არის მოიქცეს პასუხიმგებლობით როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ. პუტინის რუსეთის G7-ში დაბრუნება ჩვენს ღირებულებებს ეწინააღმდეგება, რადგან ამით აშშ უარს იტყვის თავის პასუხისმგებლობაზე, რომელიც მსოფლიოს მოწინავე დემოკრატიას აკისრია“,- ნათქვამია წერილში.

წერილს ხელს  აწერენ “დემოკრატი” სენატორები: ბობ მენენდეზი; ჩაკ შუმერი; ჯეკ რიდი და მარკ ვორნერი.

მასალების გადაბეჭდვის წესი