ნეტგაზეთი | ცხინვალის ულტიმატუმი თბილისს – ერგნეთში ქართული და ოსური მხარეების შეხვედრა დაიწყო ცხინვალის ულტიმატუმი თბილისს – ერგნეთში ქართული და ოსური მხარეების შეხვედრა დაიწყო – Netgazeti
RU | GE  

ცხინვალის ულტიმატუმი თბილისს – ერგნეთში ქართული და ოსური მხარეების შეხვედრა დაიწყო

“ოსური მხარე მტკიცედ მოითხოვს საქართველოს შეიარაღებული ფორმირებების სასაზღვრო ტერიტორიიდან დაუყოვნებლივ გაყვანას და იქ უკანონო მშენებლობების შეწყვეტას”.წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ცხინვალის ოფიციალური პირები აცხადებენ, “შესაბამისი ზომები იქნება მიღებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად და მისი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად”.

ეს არის ცხინვალის პოზიცია ერგნეთში დღეს დაწყებულ მორიგ, 95-ე შეხვედრამდე. უკანასკნელი დღეების განმავლობაში ოსური მხარე აქტიურად ამახვილებდა ყურადღებას სოფელ წნელისში ქართველი პოლიციელების ახალი საგუშაგო პოსტის გაჩენას, რომელიც ცხინვალის განცახდებით, “მიუღებელია”.

“სამხრეთ ოსეთის დელეგაცია პირობას აყენებს პარასკევს, დილის 6 საათამდე აღნიშნული პოსტი გაუქმდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მიღებული იქნება კანონით გათვალისწინებული ყველანაირი ზომა და მოსახლეობის დასაცავად ყველა საშუალება იქნება გამოყენებული”.

დღეს, 29 აგვისტოს, სოფელ ერგნეთში, საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის [IPRM] ფარგლებში ქართულ და ოსურ მხარეებს შორის მორიგი შეხვედრა დაიწყო.

შეხვედრამდე მხარეები მთავარ განსახილველ საკითხებს ასახელებდნენ. ოფიციალური ინფორმაციით, ქართული მხარე ერგნეთში განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს გუგუტიანთკარში ბოლო დღეებში შექმნილ ვითარებას [რუსი ჯარისკაცების მიერ ახალი მავთულხლართების მონტაჟი და ადგილობრივი მოსახლეობის ჰუმანიტარული საკითხები].

ასევე, ქართული მხარის ცნობით, შეხვედრაზე დააყენებენ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ “საოკუპაციო ძალების პროვოკაციულ ქმედებებს, რაც ადგილზე დაძაბულობის, ხელოვნურად ესკალაციის მცდელობას წარმოადგენს”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი