„გუგუტიანთკარში მომხდარმა ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ადგილობრივ მოსახლეობაში დაძაბულობა წარმოშვა და ჰუმანიტარული კუთხით შედეგები იქონია“, – აცხადებენ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები.
„ისევე როგორც ყველა მსგავს მონაკვეთში, ახალად გაჩენილი მავთულხლართებიც ადგილობრივ მცხოვრებთა გადაადგილებას ზღუდავს, არ აძლევს ადამიანებს საკუთარ ბაღებში შესვლის საშუალებას და სარწყავ წყალთან წვდომას უზღუდავს“, — წერია განცხადებაში.
თანათავმჯდომარეები აცხადებენ, რომ 29 აგვისტოს ერგნეთში ეუთოსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელობით გაიმართება შეხვედრა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის [IPRM] ფარგლებში, რომელიც „ნაწილია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეების ძალისხმევისა და მიმართულია ამ და სხვა საკითხების პრევენციული გადაჭრისკენ“.
„ჩვენ ვთანამშრომლობდით და გავაგრძელებთ თანამშრომლობას ყველა მონაწილე მხარესთან, მათ ყურადღებას გავამახვილებთ ყველა მიმდინარე საკითხზე და მოვუწოდებთ, გამოიყენონ ყველა არსებული კომუნიკაციის მექანიზმი მიმდინარე და სხვა პრობლემების გადასაჭრელად“, — წერია განცხადებაში.
რუსეთის სამხედროებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში ხელოვნური ბარიერების აღმართვა 7 აგვისტოს დაიწყეს.