ახალი ამბები

ხაზარაძე/ჯაფარიძის ანგარიშებზე ბრიტანულმა მხარემ ინფორმაცია თავად მოგვაწოდა – პროკურატურა

27 აგვისტო, 2019 • 979
ხაზარაძე/ჯაფარიძის ანგარიშებზე ბრიტანულმა მხარემ ინფორმაცია თავად მოგვაწოდა – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურა ირწმუნება, რომ თიბისი ბანკის დამფუძნებლების თანხების კანონიერების დადგენის  თხოვნით ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ბრიტანეთისთვის არ მიუმართვას.

როგორც პროკურორი გიორგი მიქავა ამბობს, ბრიტანეთმა თავად მიაწოდა ქართულ მხარეს მათი ფინანსური აქტივობების შესახებ ინფორმაცია.

“ფულის გათეთრებაში ბრალდებული მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე უკვე მერამდენედ ცდილობენ, რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში და გაავრცელონ არასწორი ინფორმაცია. პირველ რიგში, განვმარტავ, რომ საქმის მასალებიდან გამომდინარე, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს არ მიუმართავს ბრიტანელი კოლეგებისათვის – პირიქით, ბრიტანულმა მხარემ მიაწოდა ინფორმაცია ქართულ მხარეს ბრალდებულების ფინანსური აქტივობების შესახებ. ანუ, აღნიშნული კომუნიკაცია შედგა ბრიტანული მხარის ინიციატივით და დამერწმუნებით, რომ ამ ქვეყანაში ნამდვილად არის ის უმაღლესი სტანდარტი, სადაც მარტივად გაირჩევა კრიმინალური საქმეები პოლიტიკური დევნისგან,”-აცხადებს პროკურორი.

დღეს, 27 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე  ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ თქვეს, რომ ფინანსური მონიტორინგის სამსახური ბრიტანელი კოლეგებისგან მათი ანგარიშების დაყადაღებას ითხოვს. ჯაფარიძე განმარტავს, რომ უწყებამ წერილობით მიმართა დიდ ბრიტანეთს, რომ მათ ანგარიშებზე არსებული თანხების კანონიერება შეისწავლოს:

“ამჯერად ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა მიმართა წერილით ბრიტანეთის შესაბამის სამსახურს ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში, რომ თურმე მე და მამუკა ხაზარაძე ვართ ეჭვმიტანილი ფულის გათეთრებაში და ჩვენი ფულადი სახსრები, რომელიც არის ბრიტანეთში, ეჭვი აქვთ, კრიმინალური წარმოშობისაა. რა თქმა უნდა, როდესაც ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში მიმართავენ ბრიტანეთს, ბრიტანელი კოლეგები ვერ წარმოიდგენენ, რომ ეს უწყება არის პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტი და ამ მიმართვას უყურებენ სერიოზულად.”

მასალების გადაბეჭდვის წესი