ახალი ამბები

ტვ პირველის მფლობელის მამას 500 000-იანი გირაო შეუფარდეს

27 აგვისტო, 2019 •
ტვ პირველის მფლობელის მამას 500 000-იანი გირაო შეუფარდეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ „TV პირველის“ მფლობელის, ვატო წერეთლის მამას, ბიზნესმენ ავთო წერეთელს 500 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. გადაწყვეტილება პირველი ინსტანციის მოსამართლემ, ეკატერინე კულულაშვილმა დღეს, 27 აგვისტოს მიიღო. წინასასამართლო სხდომა 10 ოქტომბერს ჩაინიშნა.

ამგვარად, სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა, რომელიც
ავთო წერეთელს 16 664 000 აშშ დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის დახმარებას ედავება (სისხლის სამართლის კოდექსის 25-194 მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით).

წერეთელი თბილისში დღეს, 27 აგვისტოს, დაბრუნდა. მას ბრალი რამდენიმე დღის წინ, მაშინ წაუყენეს, როცა საზღვარგარეთ იმყოფებოდა.
ავთანდილ წერეთელმა ჟურნალისტებს აეროპორტში უთხრა, რომ ტელევიზიას(TV პირველს) ვერ წაართმევენ.

“იმ მთავრობამ ქონება და ფული წამართვა, მაგრამ ტვ “პირველს” ვერავინ წამართმევს”, – თქვა მან.

“ტელევიზია გინდათ? ვერ მიიღებთ ტელევიზიას”, – ასე მიმართა წერეთელმა პროკურატურის წარმომადგენლებს. მისი თქმით, რაიმე დანაშაული რომ ჰქონდეს ჩადენილი, დღეს საქართველოში არ დაბრუნდებოდა.

მოსამართლის კითხვაზე, რამდენია მისი თვიური შემოსავალი, წერეთელმა დაასახელა პენსია — 180 ლარი. მისი თქმით, ბიზნესები შვილის/ოჯახის სახელზეა.

მასალების გადაბეჭდვის წესი