ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

წარუკიანის პარტია სომხეთის პარლამენტის მუშაობას ბოიკოტს უცხადებს

23 თებერვალი, 2015 • 1103
წარუკიანის პარტია სომხეთის პარლამენტის მუშაობას ბოიკოტს უცხადებს

როგორც ფრაქციის მდივანმა, ნაირა ზაგრაბიანმა 23 თებერვალს განაცხდა, პარტიამ ასეთი ნაბიჯი “პოლიტიკურ ასპარეზზე არსებული უპრეცედენტო სიტუაციის გათვალისწინებით” გადადაგა. მისი თქმით, უახლოეს დღეებში პარტია გამოაცხადებს თავის სტრატეგიას და წარადგენს სამომავლო მოქმედებების გეგმას. ამ განცხადების შემდეგ ფრაქციამ პარლამენტის სხდომათა დარბაზი სრული შემადგენლობით დატოვა.

 

შიდაპოლიტიკური სიტუაცია სომხეთში მკვეთრად გაუარესდა ქვეყნის პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის განცხადებისა და მასზე პარტია “აყვავებული სომხეთის” ლიდერის, ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანის, გაგიკ წარუკიანის რეაქციის შემდეგ. 12 თებერვალს სომხეთის მმართველი “რესპუბლიკური პარტიის” პოლიტსაბჭოს სხდომაზე ქვეყნის ლიდერმა გაგიკ წარუკიანის საქმიანობა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ის, როგორც პოლიტიკური მოთამაშე, ქვეყნისთვის ბოროტებად იქცა და პოლიტიკა ცირკად გადააქცია. სარგსიანმა წარუკიანი გადასახადების გადაუხდელობაშიც დაადანაშაულა.

 

იმავე დღეს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს შემადგენლობიდან გაგიკ წარუკიანის გათავისუფლების შესახებ. სარგსიანმა ასევე დაავალა შესაბამის ორგანოებს, გადაამოწმონ ინფორმაცია წარუკიანის მიერ  მილიარდობით დრამის მოცულობის გადასახადების გადაუხდელობის შესახებ, გაარკვიონ, რა მიზეზით აცდენს იგი პარლამენტის სხდომებს და გამოიძონ ინფორმაცია წარუკიანის კრიმინალთან კავშირის შესახებ.

 

პასუხად “აყვავებული სომხეთის” ლიდერმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის მიერ მისი მისამართით ნათქვამს განიხილავს, როგორც გამოწვევასა და ომის გამოცხადებას. წარუკიანმა ასევე განაცხადა, რომ მზად არის ბოლომდე იბრძოლოს ხელისუფლების შესაცვლელად.


სერჟ სარსგიანი და გაგიკ წარუკიანი, ფოტო: Photolure.am
სერჟ სარსგიანი და გაგიკ წარუკიანი, ფოტო: Photolure.am

 

ოპოზიციურმა სამეულმა, პარტიებმა – “აყვავებული სომხეთი”, “სომხეთის ეროვნული კონგრესი და “მემკვიდრეობა” – გამოაცხადეს, რომ 20 თებერვალს ერევნის ცენტრში ხელისუფლების წინააღმდეგ მრავალათასიან მიტინგს  გამართავდნენ. თუმცა წარუკიანის პრეზიდენტთან პირადად შეხვედრის შემდეგ “აყვავებული სოხეთის” პოლიტსაბჭომ მიტინგი გადადო, “საზოგადოებაში უაღრესად დაძაბული ატმოსფეროს გათვალისწინებითა  და შესაძლო პროვოკაციებისა და შეტაკებების თავიდან აცილების მიზნით”.

 

ოპოზიციური სამეული ფაქტობრივად დაიშალა და თითოეული მათგანი უკვე დამოუკიდებლად გადაწყვეტს, როგორ იმოქმედებს. ბევრი რამ დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ განცხადებებს გააკეთებს “აყვავებული სომხეთი” უახლოეს დღეებში.


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


 

მასალების გადაბეჭდვის წესი