ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

უკანონოდ მივიჩნევთ აფხაზეთში დე ფაქტო არჩევნებს — გერმანიის საგარეო უწყება

26 აგვისტო, 2019 •
უკანონოდ მივიჩნევთ აფხაზეთში დე ფაქტო არჩევნებს — გერმანიის საგარეო უწყება

გერმანიის საგარეო უწყება აცხადებს, რომ გერმანიის ფედერალური მთავრობა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და უკანონოს უწოდებს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 25 აგვისტოს გამართულ არჩევნებს.

„ფედერალური მთავრობა მტკიცედ უდგას საქართველოს გვერდში საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხში. როგორც ჩვენი პარტნიორები ევროკავშირში, ჩვენ არ ვაღიარებთ საკონსტიტუციო თუ სამართლებრივ ჩარჩოს იმ ე.წ „საპრეზიდენტო არჩევნებისა“, რაც 25 აგვისტოს გაიმართა სეპარატისტულ რეგიონში. ჩვენ ამ „არჩევნებს“ და მის შედეგებს არალეგალურად მივიჩნევთ“, — წერია გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური ოფისის 26 აგვისტოთი დათარიღებულ განცხადებაში.

წინა დღით აფხაზეთში დე ფაქტო არჩევნებზე იმყოფებოდნენ გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატი ულტრამემარჯვენე პარტიიდან „ალტერნატივა გერმანიისთვის“, შტეფან კეუტერი, ბერლინის რეგიონული პარლამენტის წევრი გუნერ ლინდმენი და ავსტრიის ანალიტიკური ინსტიტუტის წარმომადგენელი პატრიკ პოპელი. სამივე მათგანი ამავე დროს „ყირიმის მეგობართა ლიგის“ წევრია.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა 25 აგვისტოსვე განაცხადა, რომ ბუნდესტაგის დეპუტატი „კერძო სტატუსით იმყოფება აფხაზეთში და მას დამკვირვებლის ნებართვა ან უწყება საკანონმდებლო ორგანოდან არ აქვს“.


კენჭისყრამ აფხაზეთში გამარჯვებული ვერ გამოავლინა. პირველადი შედეგებით, მეორე ტური დაინიშნა. ერთმანეთს დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა და ოპოზიციის კანდიდატი ალხას კვიცინია დაუპირისპირდებიან. კანდიდატებმა პირველ ტურში თითქმის ერთნაირი შედეგები აჩვენეს – ხაჯიმბამ 26,6% და კვიცინიამ – 24,6%.

დე ფაქტო არჩევნებში სულ ცხრა კანდიდატი მონაწილეობდა.  პირველადი შედეგებით, მესამე ადგილზე ოლეგ არშბა, ყოფილი დე ფაქტო საგარეო მინისტრი გავიდა, რომელიც მეორე ტურს გამოეთიშება. დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა 56% იყო. მეორე ტური ორი კვირის განმავლობაში უნდა დაინიშნოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი