ახალი ამბები

გირჩი TV გადასახადების გადახდას არ აპირებს და სხვებსაც იგივეს მოუწოდებს

26 აგვისტო, 2019 • 1802
გირჩი TV გადასახადების გადახდას არ აპირებს და სხვებსაც იგივეს მოუწოდებს

“გირჩი TV”  აცხადებს, რომ გადასახადებს არ გადაიხდის, რადგან არსებობს პრეცედენტი, როდესაც სახელმწიფომ ტელეკომპანიებს რამდენიმემილიონიანი დავალიანებები ჩამოაწერა.

პარტია “გირჩის” კუთვნილი არხი მოუწოდებს სხვა სამაუწყებლო კომპანიებსაც, რომლებიც წლების განმავლობაში იხდიან გადასახადებს, თანხა არც მათ გადაიხადონ.

25 მილიონამდე ლარი არის დავალიანების ყველაზე დიდი მოცულობა, რომელიც სახელმწიფომ რუსთავი 2-ს წლების წინ ჩამოაწერა. გირჩი TV-ში აცხადებენ, რომ არ გადაიხდიან არცერთ გადასახადს მანამ, სანამ მათი დავალიანება სახელმწიფოს წინაშე არ მიაღწევს 25 მილიონს.

ხოლო თუ ხელისუფლებამ 2019 წელს ბიუჯეტის წინაშე რუსთავი 2-ს 28 მლნ ლარიანი დავალიანება აპატია, მაშინ გირჩი TV-ც საკუთარ დავალიანებას ამ თანხამდე გაზრდის. არხში მიაჩნიათ, რომ სახელმწიფოს მხირიდან კონკრეტული ტელეკომპანიებისთვის საბიუჯეტო დავალიანების პატიება “წარმოუდგენელი უსამართლობაა”:

“2010 წლიდან დღემდე, შემდეგ სამაუწყებლო კომპანიებს სახელმწიფომ ჩამოაწერა საგადასახადო დავალიანებები (სულ ორჯერ მოხდა ჩამოწერა):

  • თრიალეთი – 48 000 ლარი
  • მზე – 593 000 ლარი
  • 25-ე არხი – 644 000 ლარი
  • პიკი – 1 497 000 ლარი
  • საზოგადოებრივი მაუწყებელი – 12 312 000 ლარი
  • იმედი – 15 119 000 ლარი
  • რუსთავი 2 – 24 984 000 ლარი

ამჟამად საუბარია იმაზე, რომ კიდევ ერთხელ მოხდეს საგადასახადო დავალიანებების ჩამოწერა შემდეგი სამაუწყებლო კომპანიებისთვის

  • მაესტრო – 8 000 000 ლარი
  • იმედი – 19 000 000 ლარი
  • რუსთავი 2 – 28 000 000 ლარი”.

“გირჩი” ასევე აცხადებს, რომ “სატელევიზიო ბიზნესი საქართველოში მეტწილად არის პოლიტიკური ბიზნესი. სამაუწყებლო კომპანიები, რომლებიც ჩართულნი არიან ამ ბიზნესში, სარგებლობენ ორი აპრობირებული სტრატეგიით,  რომელსაც, როგორც წესი, მივყავართ საგადასახადო დავალიანების ჩამოწერამდე:

ა) უნდა ასრულებდე ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალის რუპორის ფუნქციას, რათა ხელისუფლებას უღირდეს გადასახადების გადაუხდელობაზე თვალის დახუჭვა

ბ) უნდა ასრულებდე ოპოზიციაში მყოფი პოლიტიკური ძალის რუპორის ფუნქციას, რომ ხელისუფლების მხრიდან გადასახადების გადაუხდელობაზე რაიმე რეაქცია საზოგადოების თვალში ოსტატურად შეფუთო პოლიტიკურ ზეწოლად და სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლად”.

“გირჩის” მოსაზრებით, გადასახადების გადაუხდელობა ეპატიათ მათ, ვინც “ეს შეძლო”.

“სხვა მაუწყებლები, რომლებმაც უარი თქვეს ამ ორი ფუნქციიდან რომელიმეს შესრულებაზე, უბრალოდ დაიჩაგრნენ და დღემდე არიან გაჭირვებულ მდგომარეობაში

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი აზრით, ნებისმიერი გადასახადი ძარცვაა, მედიაბაზარზე შექმნილი ეს რეალობა წარმოუდგენელი უსამართლობაა”, – აცხადებს “გირჩი”.

14 აგვისტოს ფინანსთა მინისტრმა დაასახელა სამი ტელეარხი, რომლებსაც შემდეგი სახის დავალიანება აქვთ ბიუჯეტის მიმართ:

  • “რუსთავი 2” – დაახლოებით 28 მილიონი;
  • “იმედი” – დაახლოებით 19 მილიონი;
  • “მაესტრო” – 8 მილიონზე მეტი.

აქედან “მაესტრო” და “იმედი” ერთი ჰოლდინგის წევრები არიან. სამინისტრო  თვის ბოლომდე აძლევს ვადას ტელევიზიებს, რომლებსაც სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დაგროვილი მსხვილი დავალიანება აქვთ, რათა ვალის რესტრუქტურიზაციაზე წინადადებები წარმოადგინონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი