ახალი ამბები

იალოვიცი: ბორდერიზაციის ბოლო შემთხვევა 20 ივნისის მოვლენებზე რუსეთის შესაძლო პასუხია

23 აგვისტო, 2019 • 1361
იალოვიცი: ბორდერიზაციის ბოლო შემთხვევა 20 ივნისის მოვლენებზე რუსეთის შესაძლო პასუხია

ავტორი: მარიამ უგრეხელიძე, “ამერიკის ხმა”.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გასწვრივ უკანონო მავთულხლართების მონტაჟის პროცესს საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩები, კენეტ იალოვიცი და უილიამ კორნტი მუდმივად აკვირდებოდნენ. „ამერიკის ხმასთან“ მათ ისაუბრეს იმის შესახებ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს მცოცავი ოკუპაციის შესაჩერებლად საქართველოში.

კენეტ იალოვიცი მიიჩევს, რომ გუგუტიანთკარში დაწყებული ბორდერიზაციის ბოლო შემთხვევა რუსეთის რეაქციის ნაწილია 20 ივნისის მოვლენებზე: „ვფიქრობ, რომ ბორდერიზაციის გააქტიურება, შესაძლოა, იყოს იმ რუსული რეაქციის ნაწილი, რომელიც თბილისში ივნისში მოხდა. რა თქმა უნდა, რუსები უკმაყოფილონი არიან იმ ანტირუსული დემონსტრაციებით, რომლებიც თბილისში მიმდინარეობს. ფრენების აკრძალვაც ამის ნაწილი იყო. ყველაფერი იმის საჩვენებლად კეთდება, რომ წარმოაჩინონ თავიანთი შესაძლებლობა, გააკეთონ რაც სურთ და როცა სურთ. ასევე, იმის დემონსტრირებისთვისაც, რომ თუ საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნება სურს, ეს მხოლოდ რუსეთის გავლით მოხდება.“

კენეტ იალოვიცი, აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში. ფოტო: ამერიკის ხმა

ყოფილი ელჩის მოსაზრებით, არსებობს რამდენიმე გამოსავალი. მათ შორისაა საქართველოს მხრიდან უფრო მეტად ხილვადი სასაზღვრო ნიშნულების არსებობა:

„ერთ-ერთ გამოსავლად ქართველებს შევთავაზეთ, რომ ჩაეტარებინათ ადგილობრივი სამუშაოები, არა მავთულხლართების ან ღობის, არამედ რაიმე სხვა ტიპის თვალსაჩინო მაჩვნებლების სახით. ამ შემთხვევაში, რუსების მიერ ამ მონიშნვების უგულებელყოფა უფრო თვალსაჩინოდ წარმოაჩენდა მათ საქმიანობას.” ყოფილი ელჩი ამბობს, რომ ეს ადვილი გამოსავალი არ არის. “ამ შემოთავაზებაში სირთულე ისაა, რომ ეს ნაბიჯი შეიძლება ისე იქნას აღქმული, თითქოს საქართველომ რუსეთის მიერ ამ ტერიტორიის ოკუპაცია სამუდამოდ აღიარა. ამიტომაც ეს მხოლოდ შეთავაზებაა და მხოლოდ ერთ-ერთი შესაძლო გზა.“

როგორც იალოვიცი ამბობს, საქართველომ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ნდობის მოპოვებაზე მეტად უნდა იმუშაოს, რაც ბევრი სხვადასხვა მიმართულებით შეიძლება გამოიხატოს. ამის ერთ-ერთ მაგალითად კი ელჩი მიიჩნევს ოკუპირებული რეგიონებიდან ავადმყოფების საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე ჩამოყვანას.

საქართველოს მსგავსად, რუსეთი სამხედრო აგრესიას აწარმოებს უკრაინაში და მხარს უჭერს სეპარატისტებს მოლდოვაში. იალოვიცი მოლდოვაზე ამახვილებს ყურადღებას და როგორც ის ამბობს, საქართველოს შეუძლია გარკვეული გაკვეთილების სწავლა ამ ქვეყნისგან.

„გაოგნებული ვარ იმით, რაც დნესტრისპირეთში მოხდა. მათ შეძლეს, რომ ევროპულ ბაზარზე გასულიყვნენ მოლდოვის დახმარებით. ჩემთვის ესეც არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება იფიქროს საქართველოს ხელისუფლებამ. შეიძლება იმ საკითხზე დაფიქრებაც, შეუძლია თუ არა აფხაზეთსა და ე.წ სამხრეთ ოსეთს ჰქონდეს რაიმე ტიპის წვდომა ევროპულ ბაზარზე საქართველოს გავლით. რუსები, ალბათ, მკაცრად უარყოფენ ასეთ ვარიანტს. მეტიც, შესაძლოა, თავად ამ რეგიონებმაც უარი თქვან ასეთ შემოთავაზებაზე. მთავარი აქ ისაა, რომ ეს ქმედებები დაანახებდა ყველას, რომ საქართველო მშვიდობიან ნაბიჯებს დგამს”, – უთხრა იალოვიცმა “ამერიკის ხმას”.

იალოვიცმა ასევე დასძინა, რომ “ეკონომიკური სტიმული იმიტომაა მნიშვნელოვანი ამ რეგიონებისთვის, რომ მათ შეძლონ რუსეთის ზეგავლენისგან გათავისუფლება.“

აშშ-ის კიდევ ერთი ყოფილი ელჩი საქართველოში და ახლა არასამთავრობო ორგანიზაცია „რენდის კორპორაციის“ წარმომადგენელი, უილიამ კორტნი მიიჩნევს, რომ ბორდერიზაცია ქვეყნისთვის ტერიტორიების დაკარგვასთან ერთად სტრატეგიულ საფრთხესაც წარმოადგენს. ის მომავალში ბევრად უფრო სერიოზულ შედეგებსაც არ გამორიცხავს.

„უმნიშვნელოვანესია, რომ ბორდერიზაცია არ მივიდეს იქამდე, რომ საფრთხე შეუქმნას აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს შორის სატრანსპორტო კომუნიკაციას. თუ ეს მოხდება, მაშინ ეკონომიკური და უსაფრთხოების შედეგები საქართველოსთვის ბევრად უფრო სერიოზული იქნება”, – ამბობს უილიამ კორტნი.

ელჩების თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, „საქართველომ განაგრძოს დიპლომატიური ურთიერთობები, როგორც ამას აქამდე აკეთებდა, და მუდმივად შეახსენოს საერთაშორისო თანამეგობრობას საქართველოში მიმდინარე რუსულ აგრესიაზე.”

ორგანიზაცია „საერთაშორისო ამნისტიის“ თანახმად, „ბორდერიზაციის“ ანუ ადმინისტრაციული საზღვრის მავთულხართებით მონიშვნის პოროცესი, რუსეთის უსაფრთხოების სამსახურების დახმარებით აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობების წარმომადგენლებმა 2009 წელს, აგვისტოს ომიდან რამდენიმე თვეში დაიწყეს. ბორდერიზაცია განსაკუთრებით 2013 წლიდან გააქტიურდა, როდესაც საოკუპაციო ჯარებმა მათ მიერ დადგენილ ე.წ საზღვრებზე მავთულხლართების გაბმა დაიწყეს. დღეს ცხინვალის რეგიონში რუსი მესაზღვრეების 19 ბაზა და 4 საკონტროლო-გამშვები პუნქტია.

მასალების გადაბეჭდვის წესი