მაუწყებელთა ნაწილი იზიარებს მოსაზრებას, რომ სატალევიზიო სარეკლამო დროის საათობრივი ლიმიტირება 2015 წელს არ უნდა შეეხოს, რადგან ამან შესაძლოა მოქმედ სარეკლამო კონტრაქტებზე ნეგატიურად იმოქმედოს, თუმცა, “რუსთავი 2”-ისგან განსხვავებით, მის გაპროტესტებას არ აპირებს.
დღეისათვის მოქმედი რედაქციით ტელე ან რადიოარხზე (გარდა სპეციალიზებული სარეკლამო ან ტელეშოპინგის არხისა) რეკლამის ან ტელეშოპინგის მოცულობა დღე-ღამის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს მაუწყებლობის საერთო ხანგრძლივობის 20%-ს. ეს ნორმა მაუწყებლებს საშუალებას აძლევს, რომ სარეკლამო ჭრების მოცულობა მისი შეხედულებისამებრ გადაანაწილოს და პრაიმ-ტაიმისკენ მიმართოს, რა დროსაც რეკლამის ფასი უფრო მაღალია. ახალი საკონონმდებლო ცვლილებით კი, რომელიც ამ ფორმით დამტკიცების შემთხვევაში აპრილიდან ამოქმედდება, უქმდება დღე-ღამის განმავლობაში ფიქსირებული 20-პროცენტიანი სარეკლამო ლიმიტი და კანონმდებელი მაუწყებელს ყოველი 1 საათი საეთერო დროიდან რეკლამის განსათავსებელად მხოლოდ 12 წუთს (ანუ 20 პროცენტს) უსაზღვრავს. დღეისათვის საქართველოში მოქმედი ყველა ტელეკომპანია ვერ აღწევს იმას, რომ ყოველი სამაუწყებლო 1 საათის (მაგალითად, დღის ეთერში) განმავლობაში 12 წუთი რეკლამა მოიზიდოს, თუმცა პრაიმ-ტაიმში ზემოხსენებულ 12-წუთიან ლიმიტს ბევრი მათგანი აჭარბებს, ახალი საკანონმდებლო ცვლილების გამო მათ საკუთარი გეგმების კორექტირება მოუწევთ.
“ახლა ჯერი პრეზიდენტზეა. იმ შემთხვევაში, თუ გიორგი მარგველაშვილმა ვეტოს უფლება გამოიყენა, მმართველ კოალიციას დაჩქარებული წესით მიღებული კანონის ასამოქმედებლად ხმების მობილიზება კიდევ ერთხელ მოუწევს”, – ნათქვამია რუსთავი 2-ის განცხადებაში.