ახალი ამბები

პრეზიდენტის გამოხმაურება აბაშიძის კომენტარზე NATO-ში საქართველოს გაწევრიანების შესახებ

19 თებერვალი, 2015 •
პრეზიდენტის გამოხმაურება აბაშიძის კომენტარზე NATO-ში საქართველოს გაწევრიანების შესახებ

მარგველაშვილის თქმით, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის ის ისტორიული არჩევანი, რომელიც პრეზიდენტის განმარტებით, მტკიცედ განსაზღვრა და არაერთხელ დაიცვა ქართველმა ხალხმა.

 

“ეს არის ის ერთ-ერთი დაპირება, რომლის გამოც ქართველმა ხალხმა პრეზიდენტის მანდატი მომანიჭა. საქართველოს ნატოში გაწევრიანების სურვილი ნაკარნახებია მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის სტაბილურობის, განვითარების, მეტი დემოკრატიულობისა და წარმატების უზრუნველსაყოფად. ის ემსახურება საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებას და არ არის მიმართული რომელიმე ქვეყნის სუვერენული ინტერესების წინააღმდეგ.”

 

პრეზიდენტი განცხადებაში ამბობს, რომ დემოკრატიული, განვითარებული და უსაფრთხო საქართველო მისაღები უნდა იყოს ყველა იმ სახელმწიფოსათვის, რომელიც დაინტერესებულია თანამშრომლობის განვითარებითა და სტაბილურობით შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონებში.

 

“რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და მათი ანექსიისადმი გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად საქართველო ცდილობს შექმნას ის გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ვითარების განმუხტვას და თუნდაც რაიმე სახის პოზიტიური ელემენტის გაჩენას საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში. სწორედ ამ მიზანს ემსახურება როგორც ჟენევის, ასევე აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებები. ვთვლით, რომ  მკაფიოდ უნდა  განისაზღვროს აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატის შინაარსი. მნიშვნელოვნად მიგვაჩნია საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით მოხდეს აბაშიძე-კარასინის და ჟენევის მოლაპარაკებების კოორდინირებული  და ურთიერთშეთანხმებული მუშაობა.” 


საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პასუხად, დღეს, 19 თებერვალს განაცხადა, რომ ნატოსთან თანამშრომლობის მიზანი არაა საქართველოში ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურის განთავსება.


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გუშინ განაცხადა, რომ რუსეთი შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს იმ შემთხვევაში, თუ ნატო პრაქტიკულ ნაბიჯებს გადადგამს საქართველოს ალიანსში ჩასათრევად

მასალების გადაბეჭდვის წესი