ახალი ამბები

უკრაინის ჯარები დებალცევოს ტოვებენ

18 თებერვალი, 2015 •
უკრაინის ჯარები დებალცევოს ტოვებენ

,,დღეს დილას უკრაინულმა შეიარაღებულმა ძალებმა ეროვნულ გვარდიასთან ერთად დაგეგმილი ორგანიზებული ოპერაცია შეასრულეს და დებალცევო დატოვეს”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

ოფიციალური კიევი აცხადებს, რომ რამდენიმე ჯარისკაცი დააკავეს დებალცევოში. თუმცა ჯერჯერობით დეტალები ამის შესახებ უცნობია.

 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის თქმით, უკრაინული ჯარები ალყაში მოექცნენ და იძულებულნი გახდნენ უკან დაეხიათ. მან  ამბოხებულებს მოუწოდა, დანებებული ჯარები საჭმლითა და ტანსაცმლით უზრუნველყონ. მისი თქმით, პრიორიტეტი უკრაინის ჯარისკაცების სიცოცხლის შენარჩუნება უნდა იყოს.

 

“მჯერა, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს”, – განაცხადა ლავროვმა.

 

უფრო ადრე კი, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთი მინსკში გაფორმებული ხელშეკრულების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა. ლავროვმა კი ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ამბოხებულების თავდასხმა დებალცევოში არ არღვევდა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაფორმებულ ხელშეკრულებას, რადგან,  როდესაც დოკუმენტს მოეწერა ხელი, მეამბოხეების მიერ დაკავებული ერთ-ერთი ტერიტორია დებალცევო იყო.


თვითმხილველების თქმით,  რამდენიმე ტანკმა და უკრაინელი ჯარისკაცების კოლონამ უკვე დატოვა დებალცევო.

ჯარების გაყვანა უკრაინამ მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინელ ჯარისკაცებს დანებებისკენ მოუწოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი