არასამთავრობოები საარჩევნო კანონმდებლობაში “ოცნების” ინიცირებულ ცვლილებებს აკრიტიკებენ

საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონსა და საარჩევნო კოდექსში მმართველი გუნდის მიერ ინიცირებულ ცვლილებებს ეხმაურებიან. განცხადება NGO-ებმა დღეს, 20 აგვისტოს გაავრცელეს.

არასამთავრობოები მიესალმებიან პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წესის ცვლილებას, თუმცა აკრიტიკებენ “ქართული ოცნების” არაერთ ინიციატივას საარჩევნო კოდექსთან მიმართებით. მათ შორისაა რიგი საკითხები გამოხატვის თავისუფლებასთან და მედიასთან დაკავშირებით.

“შემოთავაზებული ცვლილებების მნიშვნელოვანი ნაწილი ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ის მიმართულია გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ და გაუმართლებელ ტვირთს აკისრებს მედიას, რაც ცალსახად უარყოფით გავლენას მოახდენს საარჩევნო პერიოდში მედია საშუალებების მუშაობაზე”, – ამბობენ ისინი.

ორგანიზაციების კრიტიკის ერთ-ერთი ობიექტი არის ინიციატივა, რომელიც საარჩევნო კოდექსით “ქსენოფობიისა და სიძულვილის ენის” რეგულირებას გულისხმობს. მათი აზრით, სიძულვილის ენის ამ ფორმით რეგულირება გამოხატვის თავისუფლების სტანდარტს ეწინააღმდეგება, ვინაიდან აღნიშნული ტერმინის განმარტებას მოქმედი კანონმდებლობა არ შეიცავს.

“ბოლო პერიოდში სასამართლოს მიერ გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით დამკვიდრებული პრობლემური პრაქტიკის გათვალისწინებით, აღნიშნული აკრძალვა მაღალი ალბათობით შესაძლოა გახდეს პოლიტიკური პარტიებისა და სხვა აქტორებისთვის საარჩევნო კამპანიის განმავლობაში კრიტიკული გამოხატვის შეზღუდვის საშუალება”, – აღნიშნავენ განცხადების ხელმომწერები.

არასამთავრობოები ხაზს უსვამენ, რომ მმართველი გუნდი გასულ საპრეზიდენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილისადმი სოციალური ქსელების მეშვეობით წარმოებულ კამპანიას სიძულვილის ენად აფასებდა, რაც არასწორია.

“სინამდვილეში, სიძულვილის ენა, რაც გულისხმობს რასისტულ, ქსენოფობიურ, ანტისემიტურ და მსგავსი შინაარსის განცხადებებს, რომელიც კონკრეტული ნიშნიდან გამომდინარე პირთა გარკვეული ჯგუფის წინააღმდეგ არის მიმართული, გასულ არჩევნებზე შედარებით ნაკლებ პრობლემას წარმოადგენდა და პოლიტიკოსთა მხრიდან მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაში იყო გამოყენებული. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საარჩევნო კოდექსი უკვე შეიცავს ამკრძალავ ჩანაწერს ეროვნული შუღლისა და რელიგიური თუ ეთნიკური ნიშნით დაპირისპირებისკენ მოწოდების თაობაზე”, – წერენ არასამთავრობოები.

ხელმომწერები გამოხატვის თავისუფლებით შეზღუდვად აცხადებენ ინიციატივასაც, რომლის მიხედვითაც ანტირეკლამა არ უნდა აღემატებოდეს საარჩევნო სუბიექტის სარეკლამო რგოლის 25%-ს. მათი თქმით, ანტირეკლამას, როგორც აგიტაციის ფორმას, კანონი იცავს, შესაბამისად, კამპანიის შინაარსი სუბიექტის გადასაწყვეტი უნდა იყოს:

“როგორც საპრეზიდენტო არჩევნებმა აჩვენა, ნეგატიური კამპანია პრობლემას ნამდვილად წარმოადგენს, თუმცა ეს არის დაბალი პოლიტიკური კულტურითა და ეთიკის სტანდარტებით გამოწვეული. ეს არ შეიძლება გახდეს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მიზეზი. გამოხატვის თავისუფლების არსებული სტანდარტით ასეთი უხეში ჩარევა ვერ იქნება გამართლებული, განსაკუთრებით როდესაც საკითხი პოლიტიკურ პროცესებს და არჩევნებს ეხება.

“გარდა აღნიშნულისა, პრაქტიკაში შესაძლოა ბუნდოვანი იყოს თუ როგორ უნდა მოხდეს ანტირეკლამის გაზომვა. ეს კი, მედიაზე ზეწოლის მოხდენის შესაძლებლობას ქმნის, ვინაიდან კანონპროექტი რეკლამის დამკვეთის მხრიდან მოცემული მოთხოვნის დარღვევაზე მედია საშუალების პასუხისმგებლობასაც ადგენს”.

კიდევ ერთი ინიციატივა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები პრობლემურად მიიჩნევენ, მაუწყებელზე დასაკისრებელი ვალდებულებაა, შეამოწმოს პოლიტიკური რეკლამის შინაარსი და კანონმდებლობასთან წინააღმდეგობის შემთხვევაში, არ გაუშვას ის.

“აღნიშნულ რეგულაციას მსუსხავი ეფექტი ექნება მედიაზე საარჩევნო პერიოდში. შემოთავაზებული ცვლილებები ერთი მხრივ გაუმართლებელ ტვირთს აკისრებს მედია საშუალებას, ხოლო მეორე მხრივ ქმნის იმის რისკს, რომ მაუწყებელი ცენზორის როლში მოგვევლინოს. არ არის გამორიცხული, სანქციის შიშით ზოგიერთმა მაუწყებელმა საერთოდ თავი შეიკავოს პოლიტიკური რეკლამის განთავსებისგან, რაც თავისთავად კიდევ უფრო გაზრდის წინასაარჩევნო გარემოზე მოცემული რეგულაციის ნეგატიურ ხასიათს”, – წერენ NGO-ები.

მათივე აზრით, კანონპროექტში წარმოდგენილი ცვლილება საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის შესახებ, ვითარებას არსებითად არ შეცვლის:

“მმართველი პარტიის მიერ მომზადებული ცვლილებები არ ითვალისწინებს საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების მიერ წარდგენილ რეკომენდაციებს ისეთ პრობლემატურ საკითხებზე როგორიცაა საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საარჩევნო დავები და აგიტაციის რეგულაციები”.

განცხადებას ხელს აწერენ: “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)”; “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”; “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა”; “ადამიანის უფლებათა ცენტრი”; “ღია საზოგადოების ფონდი”; “საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)”; “ლიბერალური აკადემია თბილისი”.

მათი თქმით, კანონმდებლობის ცვლილებებზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს, რათა კანონპროექტი არსებულ გამოწვევებს პასუხობდეს და არჩევნების თანასწორ, კონკურენტულ გარემოში ჩატარებას უზრუნველყოფდეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან