ახალი ამბები

ჯაფარიძის ანგარიშებს ინკასო დაადეს, ის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას არ აპირებს

19 აგვისტო, 2019 • 1119
ჯაფარიძის ანგარიშებს ინკასო დაადეს, ის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას არ აპირებს

პარტია “გირჩის” ლიდერის,  ზურაბ ჯაფარიძის თქმით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღუსრულებლობის გამო, მის ანგარიშებს ინკასო დაადეს. მანამდე, მეორე ინსტანციამ მას ჯარიმა დააკისრა და ერთ-ერთი ტელეარხის ეთერში გახმიანებული განცხადების უარყოფა დაავალა, რასაც, როგორც ჯაფარიძე წერს, არც ახლა აპირებს.

საქმე ეხება “გირჩის” ლიდერის 2015 წლის 17 თებერვალს განცხადებას  ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, როდესაც მან ორგანიზაცია “ახალგაზრდა ადვოკატები” მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სახელს დაუკავშირა. აღნიშნული კომენტარი ამავე ორგანიზაციის მიერ სხვებთან ერთად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციაზე ნინო გვენეტაძის წარდგენას მოჰყვა.

“ახალგაზრდა ადვოკატების” თქმით, ეს განცხადება ცილისწამებად შეაფასეს. მათივე მტკიცებით, ამის გამო ორგანიზაციას ზიანი მიადგა და ერთ-ერთმა დონორმა მასთან თანამშრომლობაც შეაჩერა, რის შემდეგაც მომსახურებისათვის განსაზღვრული 5050 ლარი ვერ მიიღეს.

ჯაფარიძისადმი “ახალგაზრდა ადვოკატების” საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. თუმცა, ორგანიზაციის ცნობით, 2019 წლის იანვარში მეორე ინსტანციამ გადაწყვეტილება მოსარჩელის სასარგებლოდ მიიღო, “გირჩის” ლიდერს “ცილისწამება” დაუდგინა და 300-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, ასევე დაავალა ზემოაღნიშნული განცხადების იმავე ტელეარხის ეთერში უარყოფა.

თავად ზურაბ ჯაფარიძის თქმით, “ახალგაზრდა ადვოკატების” მიერ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციოში გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა, შესაბამისად, არც პროცესს დასწრებია.

“ახალგაზრდა ადვოკატები” აცხადებენ, რომ ჯაფარიძის ანგარიშები მათი მოთხოვნის საფუძველზე, “გირჩის” ლიდერის მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების აღუსრულებლობის გამო დააყადაღეს და ეს მანამ გაგრძელდება, სანამ ის ვალდებულებას არ შეასრულებს.

თავად ზურაბ ჯაფარიძე წერს, რომ არც ჯარიმას გადაიხდის და არც 2015 წელს გახმიანებულ განცხადებას უარყოფს. ის ხაზს უსვამს, რომ ზემოაღნიშნული ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი თინათინ ნიბლოშვილია, რომელიც 2017 წელს თბილისის საკრებულოს წევრი გახდა “ქართული ოცნებიდან”.

“ახალგაზრდა ადვოკატების” ერთ-ერთი დმაფუძნებელი, არჩილ კაიკაციშვილი, “ნეტგაზეთთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ ნიბლოშვილი ორგანიზაციის საქმიანობაში 2013 წლის მარტიდან აღარ მონაწილეობს. მისი თქმით, ორგანიზაცია რესურსებს არცერთი პოლიტიკური ძალისგან იღებს.

კაიკაციშვილი ასევე აღნიშნავს, რომ ჯაფარიძის მხრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღუსრულებლობის შემთხვევაში, პროკურატურისათვის მიმართვას არ გამორიცხავს.

“სასამართლოს გადაწყვეტილების უპატივცემულობა და შეუსრულებლობა არის სისხლის სამართლებრივი წესით დასჯადი ქმედება. შესაბამისად, მე არ გამოვრიცხავ, შევქმნა კიდე ვერთი პრეცენდენტი და მივმართო პროკურატურას, იმსჯელოს ამ საკითხთან დაკავშირებით”, – აღნიშნავს ის.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი