ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ყიდვის რეალური მსურველი არ გამოჩნდა. ამის შესახებ ნათქვამია “რუსთავი2”-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომლის ავტორიც, ტელეარხის ცნობით, ქიბარ ხალვაშია.
ის განცხადებაში წერს, რომ ყველა რესურსს გამოიყენებს, რათა კომპანია არ გაკოტრდეს. ამავე დროს, ხალვაშის თქმით< განაგრძობს სამართლებრივ დავას ნიკა გვარამიასთან, რომელმაც ტელეკომპანიას “აზარალებდა”.
“ნეტგაზეთი” უცვლელად გთავაზობთ განცხადების ტექსტს.
“დღეს ამოიწურა ერთკვირიანი ვადა, რომელიც განვსაზღვე იმისათვის, რომ მიმეღო საბოლოო გადაწყვეტილება ტელეკომპანია რუსთავი2-ის გასხვისებასთან დაკავშირებით.
როგორც ვხედავთ, ამ ვადაში არ გამოჩნდა რეალური მსურველი.
საზოგადოებისთვის ცნობილია, თუ რეალურად რა მდგომარეობაში დაგვიბრუნდა რუსთავი2. დღეს უკვე ყველასათვის ნათელია, რომ ტელეკომპანია, რომელსაც ჰქონდა ყველა შესაძლებლობა, ყოფილიყო გამართული და წარმატებული, რეალურად ფინანსური კატასტროფის წინაშე დგას. როგორც იცით, მისი დავალიანება კრედიტორების წიანშე 70 მილიონ ლარს აჭარბებს. ცხადია, ამას აქვს თავისი მიზეზები: მათ შორის, ყოფილიგენერალური დირექტორის მიერ კომპანიის ინტერესების საზიანოდ მოქმედება, შემოსავლების ხელოვნური შემცირება და ხარჯების მაქსიმალური გაზრდა.
ახლა მე ასეთი არჩევანის წინაშე ვდგავარ: ან უნდა დავიწყო კომპანიის გაკოტრების პროცესი ან ვცადო მისი გადარჩენა.
მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ რუსთავი 2 არ გაკოტრდეს, რისთვისაც გამოვიყენებ ყველა ჩემს რესურსს და შესაძლებლობას.
რუსთავი 2 უნდა გახდეს კომერციულად გამართული და მომგებიანი ტელევიზია, რომელიც არ იქნება დამძიმებული პოლიტიკური თუ სხვა სახის ვალდებულებებით და ამ ვალდებულებებს არ გადააყოლებს ტელეკომპანიის ინტერესებს.
მე მაქვს ბიზნესში მრავალწლიანი წარმატებული გამოცდილება და ვფიქრობ, რომ იმ ადამიანებთან ერთად, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ტელეკომპანიის ინტერესები, გავუმკლავდები ამ პრობლემებს.
ამასთან ერთად ვაცნობიერებ, რომ მომიწევს რთულიმოლაპარაკებები კრედიტორებთან, რათა კომპანიამ შეძლოს გამართული ფუნქციონირება და კრიზისიდან გამოსვლა. თუმცა, ვფიქრობ, ეტაპობრივად ყველასირთულეს დავძლევთ.
ჩემს უპირველეს ვალდებულებად ვთვლი, სააკაშვილისგან გათავისუფლებული ტელევიზია ჩადგეს საზოგადოების სამსახურში და დაიბრუნის ნდობა – იყოს კრიტიკული და მწვავე, მაგრამ ამავდროულად მაღალი პროფესიული და ეთიკური სტანდარტების მატარებელი.
ამავე დროს, გავაგრძელებ სამართლებრივ დავას ყოფილ გენერალურ დირექტორთან, რომელიც, როგორც ყველასთვის ნათელი გახდა, შეგნებულად ანგრევდა არხს, აზარალებდა მის ინტერესებს და არხს მხოლოდ სააკაშვილის პოლიტიკური ბრძოლის იარაღად იყენებდა. ვიმედოვნებ, რომ ტელეკომპანია შეძლებს დაიბრუნოსმისგან უკანონოდ მითვისებული თანხები, რაც საბოლოოდ ისევ არხის კეთლიდღეობას მოხმარდება.
დარწმუნებული ვარ, რომ რუსთავი2 უახლოეს მომავალში იქნება როგორც ფინანსურად, ასევე პოლიტიკურად დამოუკიდებელი ტელეკომპანია, ხოლო რეალურად დამოუკიდებელი ჟურნალისტები დაპოლიტიკური ინტერესებისგან თავისუფალი, მძლავრიმედია საზოგადოების საუკეთესო ინტერესებს მოემსახურება.
კომპანიის გაჯანსაღებისათვის უახლოეს პერიოდში შევიმუშავებ კონკრეტულ სამოქმედო გეგმას, რომელსაც აუცილებლად განვახორციელებთ და მივაღწევთ დასახულ მიზანს!”-ნათქვამია განცხადებაში.
12 აგვისტოს ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ამჟამინდელმა მფლობელმა, ქიბარ ხალვაშმა განაცხადა, რომ სამაუწყებლო კომპანიის გაყიდვას გეგმავს. ქიბარ ხალვაში აღნიშნავდა, რომ ერთადერთი, ვისათანაც ტელეკომპანიის გაყიდვაზე არ აპირებს საუბარს, “რუსთავი2-ის” ყოფილი არაფორმალური მფლობელი და მმართველი მიხეილ სააკაშვილი იქნება.
ხალვაში ასევე აცხადებდა, რომ პოლიტიკური თუ სხვა ხასიათის მანიპულაციების თავიდან ასაცილებლად, ისაუბრებს მხოლოდ იმ პირებთან, ვინც წარმოადგენს საკუთარ განზრახულობათა სერიოზულობის დასტურს, რაც შეიძლება იყოს საბანკო გარანტია ან სპეციალურ საკონკურსო ანგარიშზე არანაკლებ 1 000 000 აშშ დოლარის თანხის განთავსება.
ამ დრომდე, ტელეარხის ყიდვის სურვილი საჯაროდ მხოლოდ ერთმა ადამიანმა – ღიად პრორუსული მედიასაშუალება “საქინფორმის” რედაქტორმა, არნო ხიდირბეგიშვილმა გამოთქვა. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, 19 აგვისტოს, “ნეტგაზეთი” ტელეარხის გენერალურ დირექტორს, პაატა სალიას დაუკავშირდა და ჰკითხა, განიხილებოდა თუ არა ხიდირბეგიშვილისთვის “რუსთავი 2-ის” მიყიდვის საკითხი. საპასუხოდ სალიამ თქვა, რომ დეტალურად იმის შესახებ, თუ ვის მიჰყიდიან ტელევიზიას და ვის არა, ხვალ, 20 აგვისტოს განაცხადებდა.