ახალი ამბები

მიჰყიდიან თუ არა “რუსთავი 2-ს” პრორუსული “საქინფორმის” რედაქტორს? – სალიას პასუხი

19 აგვისტო, 2019 • 1557
მიჰყიდიან თუ არა “რუსთავი 2-ს” პრორუსული “საქინფორმის” რედაქტორს? – სალიას პასუხი

ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორის, პაატა სალიას თქმით, სამაუწყებლო კომპანიის ყიდვის სურვილი ამ დრომდე [15:00, 19 აგვისტო]  არავის გამოუთქვამს. სალიას თქმით, მსურველის გამოჩენას დღის ბოლომდე დაელოდებიან. იმ შემთხვევაში კი, თუ ტელეკომპანიის შესყიდვის მსურველი არავინ იქნება, სამომავლო გეგმებს ქიბარ ხალვაში და პაატა სალია საზოგადოებას, სავარაუდოდ, ხვალ გააცნობენ.

ერთადერთი, ვინც ამ დრომდე საჯაროდ გამოთქვა “რუსთავი 2-ის” ყიდვის სურვილი, ღიად პრორუსული მედიასაშუალება “საქინფორმის” რედაქტორ არნო ხიდირბეგიშვილია. ამის შესახებ ხიდირბეგიშვილი თავისი გამოცემის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მიმართვაში წერს.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა პაატა სალიას და ჰკითხა, განიხილება თუ არა ღიად პრორუსული მედიასაშუალების რედაქტორისთვის “რუსთავი 2-ის” მიყიდვის საკითხი, რაზეც არხის გენდირექტორმა თქვა, რომ დეტალურად იმის შესახებ, თუ ვის მიჰყიდიან ტელევიზიას და ვის არა, ხვალ განაცხადებს. სალიამ ასევე აღნიშნა, რომ ხიდირბეგიშვილს საგარანტიო თანხა არ წარმოუდგენია.

12 აგვისტოს ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ამჟამინდელმა მფლობელმა, ქიბარ ხალვაშმა განაცხადა, რომ სამაუწყებლო კომპანიის გაყიდვას გეგმავს. ქიბარ ხალვაში აღნიშნავდა, რომ ერთადერთი, ვისათანაც ტელეკომპანიის გაყიდვაზე არ აპირებს საუბარს, “რუსთავი2-ის” ყოფილი არაფორმალური მფლობელი და მმართველი მიხეილ სააკაშვილი იქნება.

ხალვაში ასევე აცხადებდა, რომ პოლიტიკური თუ სხვა ხასიათის მანიპულაციების თავიდან ასაცილებლად, ისაუბრებს მხოლოდ იმ პირებთან, ვინც წარმოადგენს საკუთარ განზრახულობათა სერიოზულობის დასტურს, რაც შეიძლება იყოს საბანკო გარანტია ან სპეციალურ საკონკურსო ანგარიშზე არანაკლებ 1 000 000 აშშ დოლარის თანხის განთავსება.

მასალების გადაბეჭდვის წესი