“ჩემი უმთავრესი მიზანი ამ პოზიციაზე არის მოსამართლის მანტიის ღირსების დაცვა. მათი უფლებებისა და ღირსების დაცვა დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების პროცესში. ის ურთულესი გამოწვევები, რომლის წინაშეც კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებების დაცვის პრიორიტეტზე დამყარებული მართლმსაჯულების სისტემა დგას, აუცილებლად საჭიროებს სასამართლო კორპუსის თანადგომასა და მხარდაჭერას. სასამართლო უნდა მოსჩანდეს, როგორც მაღალი იდეალების ერთგული, რეპრესიისა და ძალის შეზღუდული გამოყენების ფაქტორი და ეს ყველაფერი მხოლოდ სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებითაა შესაძლებელი. სასამართლოს შიდა სისტემაში თვითკონტროლისა და თვითკრიტიკის ტესტის გავლის შემდეგ ყოველი მოსამართლე ვალდებულია იზრუნოს მიუკერძოებელი მართლმსაჯულების შექმნაზე და მოსახლეობის ნდობის ამაღლებაზე”, – განაცხადა გვენეტაძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ნინო გვენეტაძე დაასახელა.
ნინო გვენეტაძე პრეზიდენტმა 28 კანდიდატიდან შეარჩია.
იურისტი ნინო გვენეტაძე სასამართლო სისტემაში 1990-იანი წლებიდან მუშაობს. იგი უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლეა. 2005 წელს მან, მერაბ ტურავამ და თამარ ლალიაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი მოსამართლეებზე ზეწოლაში საჯაროდ დაადანაშულა. მას თანამდბეობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დისციპლინარულმა კოლეგიამ 2005 წლის ბოლოს დაატოვებინა. ნინო გვენეტაძე 2012 წლამდე რესპუბლიკური პარტიის წევრიც იყო.
ქართულ მედიაში საუბარი იმის შესახებ, რომ ნინო გვენეტაძეს “ქართული ოცნება” უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად განიხილავდა, ჯერ კიდევ 2012 წელს დაიწყო. ამის თაობაზე სტატიები გაზეთმა “ვერსიამ” და FOR.GE-მ გამოაქვეყნეს.
“მე და მერაბ ტურავას სასამართლო სისტემის მოწყობის ჩვენი ხედვაც გვაქვს და ბიძინა ივანიშვილთან ერთ-ერთი შეხვედრისას მოკლე პრეზენტაციაც გვქონდა”, – აცხადებდა გვენეტაძე 2012 წელს.