ახალი ამბები

“თავისუფლების ინსტიტუტი” ბრუნდება – რა იქნება მისი მიზანი

16 აგვისტო, 2019 • 2973
“თავისუფლების ინსტიტუტი” ბრუნდება – რა იქნება მისი მიზანი

“თავისუფლების ინსტიტუტი”, რომელიც სამოქალაქო სექტორში 90-იანების მიწურულსა და 2000-იან წლებში საქმიანობდა, მიმდინარე წლის სექტემბრიდან აღდგება. შესაბამისი დოკუმენტაცია საჯარო რეესტრში უკვე წარდგენილია. არასამთავრობო ორგანიზაციას სამი მთავარი მიმართულება ექნება – ეკონომიკური პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა და მართლმსაჯულება.

ორგანიზაციის განახლების შესახებ ფეისბუკზე მისი სამეურვეო საბჭოს წევრმა თამარ ჩერგოლეიშვილმა დღეს, 16 აგვისტოს დაწერა. “ნეტგაზეთთან” საუბრისას ის აღნიშნავს, რომ “თავისუფლების ინსტიტუტი” რეესტრში ამ დრომდეც არსებობდა, თუმცა აქტიურ საქმიანობას არ ეწეოდა. მისი ინფორმაციით, ფართოვდება ორგანიზაციის სამეურვეო საბჭოც და მასში წარმოდგენილნი იქნებიან როგორც ინსტიტუტის ძველი, ისე ახალი სახეები. მათ შორის იქნება თავად ჩერგოლეიშვილი, ასევე ლევან რამიშვილი, ვატო ლეჟავა და სხვები.

“სამი მიმართულება გვინდა გვქონდეს დასაწყისში: ვიწყებთ ეკონომიკური პოლიტიკით, იქნება მართლმსაჯულების მიმართულება და მესამე იქნება საგარეო მიმართულება. ბუნებრივია, ორგანიზაციის ამოცანა იქნება ასევე ახალი სპიკერების, ახალი ლიდერების მოძიება, რაც როგორც “თავისუფლების ინსტიტუტს”, ისე “ტაბულას”, ყოველთვის ახასიათებდა. ეს ამოცანა იქნება განსაკუთრებით ეკონომიკის კუთხით, რადგან ვთვლი, რომ ამ მიმართულებით განსაკუთრებით ჭირს. ეკონომიკური ტვინების მობილიზება მე მიმაჩნია ძალიან მნიშვნელოვან ამოცანად”, – ამბობს თამარ ჩერგოლეიშვილი.

“თავისუფლების ინსტიტუტის” დირექტორი სალომე ხვადაგიანი იქნება. მისი თქმით, ორგანიზაციის მიზანი საზოგადოებისთვის და სახელმწიფოსთვის ალტერნატიული პოლიტიკის შეთავაზება იქნება, რაც სხვა აქტივობებთან ერთად, ალტერნატიული კანონპროექტების მომზადებასაც მოიცავს. მისივე განცხადებით, ინსტიტუტი ეცდება, არ დასჯერდეს ოფისის პირობებში მუშაობას და უზრუნველყოს მოქალაქეების ჩართულობა პროცესებში, რომლებიც უშუალოდ მათზე აისახება.

“თავისუფლების ინსტიტუტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო საზოგადოებისთვის. ის ცდილობდა პოლიტიკურ ცხოვრებაში ადამიანების ჩართვას, ეს იქნებოდა საპარლამენტო ცხოვრება თუ სხვა. არის საკითხები, რომლებიც მიდის, წყდება, სახელმწიფო ამას აკეთებს, თუმცა შენ, ჩვეულებრივი მოქალაქე, ამ პროცესში ჩართული არ ხარ.შესაბამისად, რაც გვინდა, რომ ორგანიზაციამ გააკეთოს, ესაა ადამიანების ჩართვა იმ პროცესებში, რომლებიც ჩვენზე, ყველაზე მოქმედებს და აისახება. ვაპირებთ, პირადად მივსდიოთ ყველა კანონპროექტს , ვიხმაუროთ და ადამიანებამდე მივიტანოთ ის, რაც მათ ეხებათ”, – აღნიშნავს “თავისუფლების ინსტიტუტის” დირექტორი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.


“თავისუფლების ინსტიტუტი” 1996 წელს დაფუძნდა “რუსთავი 2”-ის გარშემო განვითარებული მოვლენების ფონზე, როცა ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებამ ტელეკომპანიას მაუწყებლობა შეუწყვიტა. ორგანიზაციის მთავარ პირორიტეტად ადამიანების სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცვა განისაზღვრა.

ინსტიტუტი, კორუფციის, მედიის თავისუფლებისა და სხვა საკითხების გარდა, განსაკუთრებულ ყურადღებას განსხვავებული კონფესიების წარმომადგენლების დევნასა და შევიწროებაზე, ასევე მართლმადიდებელი ეკლესიის შიგნით რადიკალური ჯგუფების არსებობაზე ამახვილებდა. ამის გამო ის არაერთხელ გამხდარა რადიკალური ჯგუფების აგრესიის სამიზნე.

2002 წლის ივლისში 10-მდე პირმა  “თავისუფლების ინსტიტუტის” ოფისი დაარბია, გაანადგურა ტექნიკა, ორგანიზაციის წევრებს კი ფიზიკურად გაუსწორდა. ინსტიტუტი არაერთგზის აღნიშნავდა, რომ აგრესიას მის წინააღმდეგ აქეზებდნენ როგორც ექსტრემისტული ჯგუფები, ისე – იმჟამინდელი ხელისუფლება.

მასალების გადაბეჭდვის წესი