ახალი ამბები

ივანიშვილი ნეპოტიზმზე და პირად დაცვაზე: ეს პრობლემები ღარიბაშვილმა გენიალურად გადაჭრა

16 თებერვალი, 2015 •
ივანიშვილი ნეპოტიზმზე და პირად დაცვაზე: ეს პრობლემები ღარიბაშვილმა გენიალურად გადაჭრა

“იყო კითხვებიც ღარიბაშვილთან. საზოგადოდ, ნათესაობასთან დაკავშირებული საკითხები მტკივნეულია საქართველოში და ეს მხოლოდ ღარიბაშვილის პრობლემა არ არის. იგივე პრობლემები მეც მაქვს. […] ღარიბაშვილსაც ჰქონდა ეს პრობლემა, საზოგადოებაში დაგროვდა კითხვები და მან მოახერხა შესაბამისად რეაგირება. მე ღარიბაშვილს, სანამ პრემიერის კანდიდატად დავასახელებდი, ვუთხარი, რომ ასეთი პრობლემები ექნებოდა. ყველა ქართველს ჰყავს ნათესავები და ისინი, რა თქმა უნდა, ცდილობენ, მოიპოვონ პრივილეგირებული მდგომარეობა, თუ ნათესავი მინისტრი ან, მით უმეტეს, პრემიერი ჰყავთ. დიახ, მე ვუთხარი ღარიბაშვილს, რომ ამ კუთხით და კიდევ დაცვასთან დაკავშირებით პრობლემები ექნებოდა. დაცვას შეუძლია თავბრუ დაგახვიოს, ისეთ ანტურაჟს გიქმნის, რომ საოცარი ადამიანი ხარ და სხვა არ უნდა გაგეკაროს. თუმცა მივიჩნევ, რომ ეს პრობლემები ღარიბაშვილმა ძალიან სწრაფად და გენიალურად გადაჭრა. ჯანყარაშვილის პრობლემა დამთავრებულია. მედიაში პრემიერის სხვა ნათესავებზეც კეთდება აქცენტი, თუმცა, მე ერთხელ უკვე ვთქვი, რომ ეს ყველაფერი გადაჭარბებულია. თუმცა აქვე ვიტყვი, რომ ჩვენ ვაპირებთ ნეპოტიზმსა და კორუფციაზე კვლევებისა და ფილმების გაკეთებას”,- ამბობს ივანიშვილის “კვირის პალიტრასთან” საუბრისას.

 

მისივე თქმით, შეიქმნება სპეციალური ვებ-გვერდი, სადაც ტელეფონის ნომრები იქნება მითითებული, რომელზეც ნეპოტიზმთან დაკავშირებული ინფორმციის შემთხვევაში მოქალაქეებს დარეკვა შეეძლებათ:

 

“ყველას მოვუსმენთ, ვისაც ნეპოტიზმთან დაკავშირებული პრეტენზია ან ინფორმაცია ექნება. შედეგებს კი საზოგადოებას გავაცნობთ. ხაზს ვუსვამ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა პრობლემებს ძალიან კარგად გაართვა თავი, თუნდაც მაშინ, როდესაც შს მინისტრი იყო. ვფიქრობ, ღირსეული “მემკვიდრე” დავტოვე ღარიბაშვილის სახით და თუნდაც ამიტომ იმავე სისტემურ კორუფციაზე საუბარი არ შეიძლება”,- განაცხადა ივანიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი