საბაჟო გამშვებ პუნქტ „გუგუთის“ მიმართულებით, 2019 წლის 19 აგვისტოდან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, გარკვეული ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, „გუგუთის“ მიმართულებით, საერთაშორისო მნიშვნელობის ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის კმ 85-კმ 98-ზე, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით ხორციელდება გზის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები, რის გამოც, მიმდინარე წლის 19 აგვისტოდან 30 სექტემბრის ჩათვლით, აღნიშნული მიმართულებით, შეიზღუდება მისაბმელიანი და ნახევრად-მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება.
„შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური ყველა დაინტერესებულ პირს სთავაზობს ისარგებლოს სომხეთის რესპუბლიკასთან არსებული ალტერნატიული სახმელეთო საბაჟო გამშვები პუნქტებით – „სადახლო საავტომობილო“ და „ნინოწმინდა“ – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.








