ახალი ამბები

თბილისში 17 წლის ბიჭი თავში დაჭრეს – სავარაუდო მიზეზი ძაღლების ჩხუბია

13 აგვისტო, 2019 • 1584
თბილისში 17 წლის ბიჭი თავში დაჭრეს – სავარაუდო მიზეზი ძაღლების ჩხუბია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა თბილისში დააკავა კაცი, რომელმაც არასრულწლოვანი ბიჭი, სავარაუდოდ, ძაღლების ჩხუბის გამო დაჭრა.

ოთხი დღის წინ, 9 აგვისტოს, მომხდარი ინციდენტის მიზეზებზე ცნობები რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავრცელა. მათი ინფორმაციით, შემთხვევამდე 17 წლის ბიჭი ძაღლს ასეირნებდა. ამ დროს ძაღლმა სხვა ძაღლს უკბინა, რომელსაც 37 წლის კაცი ახლდა. სწორედ აღნიშნულს მოჰყვა შელაპარაკება.

სააგენტო “ინტერპრესნიუსი” და ტელეკომპანია “იმედი” იუწყებიან, რომ შელაპარაკების შემდეგ არასრულწლოვანი თავის ძმასთან ერთად კვლავ დაბრუნდა ადგილზე დაკარგული ჯვრის საპოვნელად, რა დროსაც კაცმა მას თავის არეში, ცეცხლსასროლი იარაღით, რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

დაჭრილი მოზარდი თავდაპირველად ალადაშვილის კლინიკაში მოათავსეს, თუმცა შემდგომ ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. დაწესებულების დირექტორის მოადგილის, მარინა გელანტიას თანახმად, ის ამ დრომდე მძიმე მდგომარეობაშია და რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

ჩიქობავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტისას მსუბუქი დაზიანებები დაჭრილის ძმამაც მიიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ინციდენტს ადასტურებენ, თუმცა მომხდარის დეტალებსა და მიზეზებზე არ საუბრობენ. უწყების ცნობით, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით პოლიციამ 1982 წელს დაბადებული კაცი დააკავა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი