ისმაილოვას ადვოკატის, ფარიზ ნამაზლის თქმით, ახალი ბრალდებები მოიცავს მითვისებას, უკანონო სამეწარმეო საქმიანობას, გადასახადებისგან თავის არიდებას და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას. ამ ბრალდებების დამტკიცების შემთხვევაში, ისმაილოვას, რომელიც ბრალს არ აღიარებს, 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა უკვე გამოეხმაურა ისმაილოვას წინააღმდეგ წაყენებულ ახალ ბრალდებებს, გამოხატა შეშფოთება და მოუწოდა აზერბაიჯანის მთავრობას მოუხსნას ისმაილოვას ეს ბრალდებები და იგი დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს პატიმრობიდან.
ისმაილოვა გასული წლის 5 დეკემბერს დააპატიმრეს, რადგან მას სხვა ჟურნალისტის თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით წარუდგინეს ბრალდება. 27 იანვარს კი ბაქოს საბაილის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ხადიჯა ისმაილოვას წინასწარი ორთვიანი პატიმრობის ვადა, რომელიც 5 თებერვალს იწურებოდა, კიდევ ორი თვით გაუხანგრძლივეს. აღნიშნული ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ისმაილოვას 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. |