ახალი ამბები

ითანამშრომლებს თუ არა “ოცნება” “პატრიოტთა ალიანსთან”? – პრემიერის პასუხი

13 აგვისტო, 2019 •
ითანამშრომლებს თუ არა “ოცნება” “პატრიოტთა ალიანსთან”? – პრემიერის პასუხი

პრემიერის თქმით, “ოცნება” მხოლოდ იმ ძალებთან ითანამშრომლებს, რომლებიც ევროატლანტიკური ინტეგრაციის სულისკვეთებას იზიარებენ. ბახტაძე გამორიცხავს თანამშრომლობას “დამნაშავე ძალასთან”.

ბახტაძემ უპასუხა ჟურნალისტების კითხვას იმის შესახებ, 2020 წელს მთავრობის ჩამოსაყალიბებლად კოალიციის შექმნის აუცილებლობის შემთხვევაში “ქართული ოცნება” გეგმავს სატელიტი პარტიების შექმნას თუ “პატრიოტთა ალიანსთან” თანამშრომლობას.

“მთავრობის სატელიტი პარტიები არის იმ ზღაპრების ნაწილი, რის პროპაგანდასაც, სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტების უპასუხისმგებლო ნაწილი აკეთებს. ბუნებრივია, როდესაც ვსაუბრობთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე ბუნებრივი ბარიერით, რა თქმა უნდა, იმის ალბათობა, რომ კოალიციური მთავრობა შეიძლება იყოს, მნიშვნელოვნად იზრდება. წინასწარ მოვლენებს არ გავუსწროთ. პირველი – “ქართული ოცნება” არასდროს ითანამშრომლებს დამნაშავე ძალასთან.

და მეორე – ჩვენი გუნდისთვის, ჩვენი ქვეყნის ცივილიზაციური არჩევანი, რომ საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს ევროკავშირისა და ნატო-ს სრულფასოვანი წევრი, არის აბსოლუტური პრიორიტეტი. აქედან გამომდინარე, მომავალში ჩვენი თანამშრომლობა შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ ძალებთან, რომლებიც ამ სულისკვეთებას იზიარებენ. მაგრამ თითქმის 1 წელზე მეტია არჩევნებამდე დარჩენილი და ერთადერთი, ვინც ამის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს, იქნება ქართველი ამომრჩეველი”,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი