ახალი ამბები

საპატრიარქო ყინწვისში ფილების დაგებაზე რეაგირებას ეპარქიის მმართველისგან ელის

12 აგვისტო, 2019 • 1187
საპატრიარქო ყინწვისში ფილების დაგებაზე რეაგირებას ეპარქიის მმართველისგან ელის

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ყინწვისის ტაძარში მარმარილოს ფილების დაგებაზე განცხადებას ავრცელებს. საპატრიარქოში ამბობენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ არსებული იატაკი არ წარმოადგენდა სიძველეს, ასეთი ნაბიჯის გადადგმა შეუთანხმებლად ყოვლად გაუმართლებელია:

“ყინწვისი XIII საუკუნის ნაგებობა და კულტურული მემკვიდრეობის ერთერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამუშაო პროცესი უნდა მიმდინარეობდეს სათანადო ნებართვით. როგორც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი, ძეგლი არ დაზიანებულა, მაგრამ დაგებული იატაკი სრულ დისონანსშია ტაძართან და საჭიროა ამჟამად არსებული რეალობის სასწრაფოდ გამოსწორება, რაც სრულიად შესაძლებელია.

ცნობისათვის აღვნიშნავთ, რომ ყველა ეპარქიას მისი მღვდელმთავარი განაგებს და მონასტრის საძმოს სურვილი ამა თუ იმ ეკლესიაში სამშნებლო სამუშაოების ჩატარებისა, პირველ რიგში, მმართველი იერარქისგან და საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების საბჭოსგან უნდა იყოს ნებადართული, ხოლო როდესაც საქმე ეხება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, ასეთი სახის საქმიანობა აუცილებლად უნდა შეთანხმედეს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთანაც. ეს არის ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის დადგენილი წესი, რომლის დაცვა ყველას მართებს. მოცემულ შემთხვევაში კი ყველა საფეხურზე დარღვევას ჰქონდა ადგილი” – ამბობენ საპატრიარქოში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საეკლესიო კანონიკიდან გამომდინარე, საპატრიარქო ელის ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრის რეაგირებას ყინწვისის ტაძრის წინამძღვრის თვითნებურ ქმედებაზე.

სააგენტო აღიარებს, რომ მღვდლებს ყინწვისის დამახინჯებაში ხელი ვერ შეუშალა

მასალების გადაბეჭდვის წესი