ახალი ამბები

“ოცნების” ფრაქციის მწვანე შუქი ქუცნაშვილს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობისათვის ბრძოლაზე

13 თებერვალი, 2015 • • 1190
“ოცნების” ფრაქციის მწვანე შუქი ქუცნაშვილს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობისათვის ბრძოლაზე

“ფრაქციის ორმოცდაშვიდივე წევრი ვთანხმდებით იმაზე, რომ ადამიანი ვინც იქნება დაყენებული კანდიდატად, არ უნდა ემორჩილებოდეს რომელიმე პარტიის პოლიტიკურ ნებას. ყველა ერთ აზრზე ვართ. განმარტებები, რომელიც თავიდან გაკეთდა იყო ძალიან არასწორი და არც ჩვენი ფრაქციიდან და არც უმრავლესობის ლიდერისაგან, არ ყოფილა ის აზრი, რომ რომელიმე პოლიტიკურ ფიგურას არ შეუძლია საკუთარი კანდიდატურა დააყენოს. ასეთი საკითხი დღის წესრიგში არ დგას. კარგია, რომ ორი დღის წინ კახა კოჟორიძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციის სახელით პოლიტიკური განცხადება გააკეთა, რომ არც მათ უგულისხმიათ, რომ ადამიანს არ შეუძლია დააყენოს თავისი კანდიდატურა თუკი იგი პოლიტიკური ფიგურაა”, – განაცხადა ვოლსკიმ.

აღნიშნულ ფრაქციაში დეპუტატებს ქუცნაშვილსა და საგანელიძეს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ქუცნაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯომარის პოსტზე, რომელიც თვის ბოლოს ვაკანტური გახდება, საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა. სანამ ქუცნაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის სურვილს გამოთქვამდა პრეზიდენტმა, რომელმაც ამ თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატი უნდა შესთავაზოს პარლამენტს, ჩამოაყალიბა 4 კრიტერუმი, რომელიც, მისი თქმით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა უნდა დააკმაყოფილებს. ერთერთის მიხედვით უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარე პოლიტიკური ზეგავლენისაგან თავისუფალი უნდა იყოს. ქუცნაშვილი კი “ქართული ოცნების” წევრია. ზემოხსნებულ კრიტერუმებზე უმრავლესობის სახელით პრეზიდენტთან მოლაპარაკებებს საგანელიძე აწარმოებდა ქუცნაშვილმა კი განაცხადა, რომ საგანელიძემ კრიტერიუმზე პრეზიდენტს ისე შეუთანხმდა, რომ უმრავლესობის წევრი დეპუტატები საქმის კურსში არ ჩაუყენებია.

დღეს ქუცნაშვილიც და საგანელიძეც აცხადებენ, რომ ზემოხსენებული კრიტერიუმი არასწორად იქნა აღქმული და ის მოქმედ პოლიტიკოსს, პარტიის წევრს არ უკრძალავს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შესარჩევ პროცესში მონაწილეობას.

მაშინ რას ნიშნავს ეს კრიტერიუმი და ვინ არის ის ადამიანი, ვინც პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშაა, თუ არა პარტიის წევრი? – ნეტგაზეთის შეკითხვას დავით საგანელიძე ასე პასუხობს:

 

“ძალიან მარტივად, პარტიის წევრობა არ ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკური წნეხის ქვეშ ხარ, თუ შენ პარტიაში რომელიმე მაღალ თანამდებობაზე ხარ, პარტიის მდივანი ხარ, გენერლაური მდივანი ან პოლიტსაბჭოს წევრი, მაშინ ბუნებრივია ეს პარტიული თანამდებობა არის შენი პარტიული წნეხიც.. პარტიული თანამდებობა ნიშნავს გარკვეულ პასუხისმგებლობას და ვადლებულებას, პარტიის რიგითი წევრი შეიძლება იმიტომაც იყოს ადამიანი, რომ მის პარტიულ ორიენტაციას ასახავდეს და არა პარტიის წინაშე ვავლდებულებებს”, – აცხადებს საგანელიძე.

 

კონკრეტულად ზაქარია ქუცნაშვილს თავის დროზე პარტიული თანამდებობაც ეკავა, იგი “ქართული ოცნების” ფრაქციის ხელმძღვანელიც იყო და დეპუტატიც სწორედ ამ პარტიული ნიშნით გახდა, თუმცა საგანელიძე გვპასუხობს, რომ ამ შემთხვევაში ქუცნაშვილზე არ საუბრობს:

“ზაქარიაზე არ ავსუბრობ. სამწუხროდ, როგორც ჩანს ის ზოგადი განმარტებები ამ თემაზე ბატონი ზაქარიასთვის მიუღებელი იყო, იმიტომ, რომ რადგან გულში და გონებაში თავისი კანდიდატურა ჰქონდა წარმოდგენილი და ამ კრიტერიუმში ვერ ჩაჯდა, თავისი პროტესტი ამით გამოხატა. კარგი იქნებოდა ზაქარიას თავიდანვე ეთქვა ამის შესახებ”.

 

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი პრეზიდენტმა მარგველაშვილმა უნდა შეარჩიოს. ჯერჯერობით უცნობია ის ტესტი თუ როგორ განსაზღვრავს იგი, არის თუ არა ეს თუ ის ადამიანი პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშ, თუმცა გია ვოლსკი მას არწმუნებს, რომ ქუცნაშვილი დამოუკიდებელი ფიგურა იქნება:

“თუკი [პრეზიდენტი] წამაყენებს კანდიდატურას, ეს იქნება სწორი გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ზაქარია ქუცნაშვილი ამ თანამდბეობაზე ნამდვილად არ იქნება პოლიტიკური პარტიის გავლენის ქვეშ, ეს ზუსტად ვიცი, მაგრამ მხარს დავუჭერთ თუ არა ქუცნაშვილს, ეს მეორე საკითხია”, – აცხადებს ვოლსკი.

მასალების გადაბეჭდვის წესი