ახალი ამბები

პრემიერი: არის ოპტიმიზმი ლარის კურსთან დაკავშირებით

12 აგვისტო, 2019 • 772
პრემიერი: არის ოპტიმიზმი ლარის კურსთან დაკავშირებით

“ეკონომიკის ანალიზი გვაჩვენებს, რომ ყველა წამყვანი ფაქტორი პოზიტიურია, ექსპორტი არის საკმაოდ მაღალ დონეზე, ძალიან კარგი დინამიკაა სავაჭრო დეფიციტის შემცირების თვალსაზრისითაც, აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, არის ოპტიმიზმი ლარის კურსთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს დიდგორში, თემის კომენტირებისას განუცხადა.

მამუკა ბახტაძის თქმით, კომერციული ბანკების ანალიზის შედეგად, ასევე, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების და ეროვნული ბანკის ანალიზითაც დასტურდება, რომ საქმე გვქონდა ლარის ზედმეტ გაუფასურებასთან.

“ჩვენ გვაქვს ყველა მოლოდინი იმისთვის, რომ ვისაუბროთ, ლარის კურსი დასტაბილურდება და ეს ნეგატიური ფონი მოიხსნება”, – აღნიშნა პრემიერმა.

მამუკა ბახტაძის მტკიცებით, ივლისის მონაცემებით, ტურისტული სექტორის ზარალმა 60 მილიონ დოლარამდე შეადგინა, თუმცა ძალიან კარგი ტრენდი დაფიქსირდა ივნისში აჭარაში, როდესაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტურიზმი 40%-ით გაიზარდა.

“დღეს აუცილებელია, ტურიზმის სექტორში მოღვაწე მცირე და საშუალო ბიზნესს გვერდით დავუდგეთ და დავეხმაროთ. ჩვენ დავამუშავეთ ორი პროგრამა, რომელიც, ვფიქრობ, საკმარისი იქნება, რომ ტურიზმის სექტორში მომუშავე მცირე და საშუალეო მეწარმეები გაუმკლავდნენ იმ პრობლემებს, რომლებიც მოკლე ვადაში შეგვექმნა. რაც შეეხება საშუალოვადიან პერსპექტივას, დარწმუნებული ვარ, ჩვენ დავაბრუნებთ ტურიზმის სექტორში იმ პოზიტიურ დინამიკას, რომელიც გვქონდა”, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი