“გარდა ამისა, საინტერესოა, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში პოლიციის ცალკე განყოფილებები არ ფუნქციონირებს და ადგილებზე მხოლოდ უბნის ინსპექტორ- გამომძიებლები პატრულირებენ. 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, გელა კოხოძე ადიგენის რაიონის პოლიციის უფროსი გახდა. 2014 წლის დასაწყისში ის დააქვეითეს და აბასთუმნის პოლიციის სამმართველოში დეტექტივის პოზიციაზე გადაიყვანეს. როგორც EMC-ისთვის ცნობილია, დღეის მდგომარეობით, გელა კოხოძე სოფელ მოხეს პოლიციის ახალ განყოფილებას უხელმძღვანელებს.
სოფელ მოხეში მოსახლეობის უმრავლესობას მუსლიმი თემი წარმოადგენს. 2014 წლის 22 ოქტომბერს ადგილობრივმა ხელისუფლებამ საპოლიციო ძალის გამოყენებით დაიწყო სოფელში მდებარე სადავო შენობის ადგილას კულტურის სახლის სამშენებლო სამუშაოების ჩატარება, რასაც მუსლიმებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოყვა.
დაპირისპირების დროს უკანონოდ დააკავეს რამდენიმე მუსლიმი და არაერთხელ დაფიქსირდა პოლიციელების მხრიდან მუსლიმი თემის მიმართ სიძულვილის ენის გამოყენების ფაქტი. მოწმეებისგან აღებული ახსნა-განმარტებები აჩვენებს, რომ მუსლიმი თემის წევრების უკანონო დაკავებისა და ცემის ინციდენტებში მონაწილეობას უშუალოდ გელა კოხოძეც იღებდა. მისი სახელი და გვარი სამცხე-ჯავახეთის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკითხული მოწმეების ჩვენებებშიც გამოიკვეთა.
გელა კოხოძე ფიგურირებს 2013 წელს სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟისას ჩატარებული საპოლიციო ოპერაციაში, რომლის დროსაც დაფიქსირდა პოლიციის მხრიდან მუსლიმი თემის წევრების უკანონო დაკავებისა და ცემის ფაქტები. იმის გათვალისწინებით, რომ სოფელ მოხეში, ქართველი მუსლიმების თემი უმრავლესობას წარმოადგენს, გელა კოხოძე კი მუსლიმი თემის დისკრიმინაციისა და შევიწროების ფაქტებში სავარაუდო მონაწილოებაში დაფიქსირდა, მიგვაჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინსიტროს მხრიდან აღნიშნული პირის დანიშვნა სოფელი მოხეს პოლიციის უფროსად გაუმართლებელია და მუსლიმი თემის მიმართ სოფელ ჭელასა და სოფელ მოხეში პოლიციის მიერ გატარებული დისკრიმინაციული და რეპრესიული პოლიტიკის შეწყნარებას/ლეგიტიმაციას წარმოადგენს.
სოფელ მოხეში გამოვლენილი რელიგიური ძალადობისა და კონფლიქტის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ შეინარჩუნოს რელიგიური ნეიტრალიტეტი და აჩვენოს ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის დაცვის მზადყოფნა. გელა კოხაძის დანიშვნა სოფელი მოხის პოლიციის განყოფილების უფროსად კი წინააღმდეგობაში მოდის აღნიშნულ პრინციპებთან. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ-ვებ-გვერდზე არ არის განთავსებული პოლიციის განყოფილებებისა და მათი უფროსების სრული სია. სისტემის გამჭვირვალობისა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომის უზრუნველყოფის ვალდებულების გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ აუცილებელია, სამინისტრომ საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნოს აღნიშნული საჯარო ინფორმაცია”, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.
შსს-ში აღნიშნულ განცხადებაზე ჯერჯეორბით კომენტარი არ კეთდება. უწყების პრესსამსახურის განმარტებით, ისინი განცხადებაში მოყვანილ ფაქტებს გადაამოწმებენ და მას შემდეგ უპასუხებენ.