ახალი ამბები

ველით დღეს, როცა ერთად აღვნიშნავთ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის დასრულებას – სახელმწიფო დეპარტამენტი

9 აგვისტო, 2019 • 2190
ველით დღეს, როცა ერთად აღვნიშნავთ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის დასრულებას – სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2008 წლის აგვისტოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ვაშინგტონი აკრიტიკებს რუსეთის ქმედებებს, მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს მოქალაქეებს და აღნიშნავს, რომ მუშაობას მანამ განაგრძნობს, სანამ მოსკოვი ქვეყნის ოკუპაციას არ შეწყვეტს.

“ნეტგაზეთი” სახელმწიფო დეპარტამენტის გზავნილებს უცვლელად გთავაზობთ:

“საქართველოში რუსეთის შეჭრიდან 11 წელი გავიდა. ასობით ადამიანი მოკლეს და დაჭრეს, 190 000 სამოქალაქო პირი კი იძულებით გადაასახლეს.

ბევრისათვის კონფლიქტის შედეგები დღემდე გრძელდება: განადგურებული საარსებო წყარო, დაშორებული ოჯახები, თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვა და კერძო საკუთრება, რომელიც ჯერაც არ დაუბრუნებიათ.

ბოლო 24 საათის განმავლობაში მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა დე ფაქტო ხელისუფლებამ დაიწყო ბორდერიზაციის პროცესი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის მიმდებარედ არსებულ სოფელში. ბორდერიზაციის დასრულების შემთხვევაში სოფელს საირიგაციო სისტემა ჩაეკეტება.

ეს ქმედებები საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას.

როგორც დღევანდელი მოვლენებიც ცხადყოფს, რუსეთი მუდმივად არღვევს ქართველი ხალხის უსაფრთხოებისა და საკუთრების უფლებებს. მეტიც, საქართველოში რუსეთის შეჭრა და მისი ტერიტორიის ოცი პროცენტის ოკუპაცია წარმოადგენს გაეროს ქარტიის, ჰელსინკის საბოლოო აქტისა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების უხეშ დარღვევას.

ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, გააუქმოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება.

ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, სრულად შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით, 2008 წლის 12 აგვისტოს მიღებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ძალების გაყვანის შესახებ. ასევე, მოვუწოდებთ რუსეთს, მიიღოს და შეასრულოს პირობა საქართველოს მიმართ ცეცხლის გამოუყენებლობის შესახებ. ჩვენ მანამდე არ დავასრულებთ მუშაობას, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ოკუპაციას.

ჩვენ მხარს ვუჭერთ ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული ადამიანისა და დევნილის სახლში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნების უფლებას.

დაბოლოს, ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ და ველით იმ დღეს, როდესაც ერთად აღვნიშნავთ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის დასრულებას”.


წელს 11 წელიწადი გავიდა 2008 წლის სამხედრო კონფლიქტიდან, რომელიც “აგვისტოს ომის” სახელით მოიხსენიებენ. ომი 5 დღე, 7 აგვსტოდან 13 აგვისტომდე გაგრძელდა, რის შემდეგაც საქართველომ დაკარგა კონტროლი კოდორის ხეობასა და ახალგორის რაიონზე.

ოფიციალური ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოში საქართველოში რუსეთის შეჭრის შედეგად დაღუპულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი.

2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.

მასალების გადაბეჭდვის წესი