ახალი ამბები

„რუსთავი 2“ ჩაიდეს ჯიბეში, აგვისტოა და ბარემ „ტვ პირველსაც“ მივაყოლებთო – ინგა გრიგოლია

8 აგვისტო, 2019 • 2409
„რუსთავი 2“ ჩაიდეს ჯიბეში, აგვისტოა და ბარემ „ტვ პირველსაც“ მივაყოლებთო – ინგა გრიგოლია

„ტვ პირველის“ მფლობელი ვახტანგ წერეთელი თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდა, სადაც ხაზარიძე-ჯაფარიძის საქმესთან დაკავშირებით გამოკითხავენ. არხის ერთ-ერთ სახეს, ინგა გრიგოლიას, რომელიც არხის მფლობელთან ერთად სასამართლოსთან მივიდა, მიაჩნია, რომ ხელისუფლების მხრიდან „ეს არის არხის წართმევის მცდელობა“:

ინგა გრიგოლია: „ერთი პროცენტით რომ არ მჯეროდეს, რომ ეს ყველაფერი უკავშირდება ტელეკომპანია პირველს, რა თქმა უნდა, მე აქ არ ვიქნებოდი. ვიღაცის ბიზნესინტერესების დასაცავად მე აქ არ ვიქნებოდი…

მას მერე, რაც „რუსთავი 2“ ჩაიდეს ჯიბეში, იფიქრეს, რომ აგვისტოა და ბარემ ტვ პირველიც მივაყოლოთო. ახალი, ალბათ, არცერთი თქვენგანისთვის არ იქნება, რომ ტვ პირველზე იყო კულუარული მცდელობა და შეტევები, რაზეც მე არ ვისაუბრებ. ამაზე უნდა ისაუბროს არხის დამფუძნებელმა, როდესაც საჭიროდ ჩათვლის…

ახლა იმიტომ დაიბარეს ვახტანგ წერეთელი, რომ „რუსთავი 2“ ჩავიდეთ ჯიბეში და ტელეკომპანია პირველსაც გავაჩერებთო, სანამ საარჩევნო პროცესში შევა ქვეყანა.

მე უნდა ვუთხრა ყველას, ვერ გააჩერებთ. ეს არის ტელეკომპანია, რომელიც შევქმენით ჩვენი საკუთარი ხელებით. მე, მაგალითად, რაც „იმედიდან“ გამომაგდეს, მაშინ მოვხვდი ამ ტელევიზიაში… კიბეზე ვაკეთებდი ჩემს გადაცემებს. კიბეზე ვწერდი ტექსტებს…

ეს ტელევიზია რომ არ ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, ვატო წერეთელი დღეს აქ არ იქნებოდა“.

ტელეწამყვანის თქმით, არხის პოლიტიკის შესაცვლელად ხელისუფლება მფლობელის ოჯახის წევრებზე ზეწოლას გამოიყენებს. მან ახსენა, რომ შეიძლება ვახტანგ წერეთლის მამას, ავთო წერეთელს ბრალი წაუყენონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი