ახალი ამბები

უნდა დაიწყოს შედეგზე ორიენტირებული დიალოგი – ომბუდსმენი აგვისტოს ომზე

8 აგვისტო, 2019 • 1382
უნდა დაიწყოს შედეგზე ორიენტირებული დიალოგი – ომბუდსმენი აგვისტოს ომზე

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებულ ყველა მხარეს, დაიწყონ შინაარსობრივი და შედეგზე ორიენტირებული დიალოგი კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მათი ღირსებისა და უფლებების დასაცავად და დაპირისპირებულ საზოგადოებებს შორის დამოკიდებულებების შესაცვლელად.

ომბუდსმენის განცხადებით, იგი მიესალმება საქართველოს მთავრობის ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებების დაცვას და კონფლიქტებით დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენას ისახავს მიზნად.

“2008 წლის აგვისტოს ომი უმძიმესი დარტყმა იყო საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარებისათვის. კონფლიქტმა ზიანი მიაყენა ასევე ადამიანურ ურთიერთობებს. იქ, სადაც 10 წლის წინ ინტენსიური მიმოსვლა და ვაჭრობა მიმდინარეობდა, მჭიდრო იყო ნათესაური და მეგობრული კავშირები, დღეს რუსეთის ფედერაციის მესაზღვრეები უკანონოდ აკავებენ და აჯარიმებენ ადამიანებს. 2014-2018 წლებში ქართული მხარის მიერ აღრიცხული იქნა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებიდან 1700-მდე ადამიანის დაკავება/გატაცება.

მავთულხლართებისა და ღობეების გავლებამ, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესმა პირდაპირი ზიანი მიაყენა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე 50-ზე მეტ სოფელს შიდა ქართლისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში. უკანონო დაკავებები, რუსეთის ფედერაციის ბაზებზე სამხედრო წვრთნები, სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი სასოფლო- სამეურნეო მიწები და ამით გამოწვეული სიღარიბე, ეს პრობლემათა მოკლე ჩამონათვალია, რომელთან გამკლავებაც ყოველდღიურ რეჟიმში უწევთ ადგილობრივებს”, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ომბუდსმენის განცხადებით, ანსაკუთრებით საგანგაშოა სიცოცხლის უფლების უკანონო ხელყოფის ფაქტები. მისი თქმით, აღნიშნულს ცხადყოფს 2014 წელს დავით ბაშარულის, 2016 წელს გიგა ოთხოზორიას, 2018 წელს არჩილ ტატუნაშვილის და 2019 წელს ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობები. ომბუდსმენი ხაზგასმით აცხადებს, რომ ყველა მკვლელობაში უშუალო მონაწილე საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები არიან.

“წლიდან წლამდე უარესდება ჯანდაცვის და განათლების ხარისხი. განათლების უფლების რეალიზება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მრავალი გამოწვევის წინაშე დგას. 2015 წელს გალის რაიონში, ხოლო 2017 წელს ახალგორის მუნიციპალიტეტში მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვამ ეთნიკური ქართველების უფლებრივი მდგომარეობა, მშობლიური ენის ცოდნა და ზოგადად განათლების ხარისხი მკვეთრად გააუარესა.

ჯანმრთელობის უფლების დაცვის თვალსაზრისით, კლინიკები აფხაზეთსა და ცხინვალში კადრებისა და თანამედროვე სამედიცინო ინფრასტრუქტურის ნაკლებობას განიცდიან. მოსახლეობის უმეტესობა სამედიცინო დახმარების მიღებას ოკუპირებული ტერიტორიების მიღმა ცდილობს. ისეთი მოწყვლადი ჯგუფები, როგორიცაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და სოციალურად დაუცველები, ვერ სარგებლობენ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოქალაქეებისათვის ხელმისაწვდომი სერვისებით, დე ფაქტო სტრუქტურების მიერ შეთავაზებული სერვისები კი, ხშირ შემთხვევაში, არასაკმარისია.

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადგილი აქვს იქ მცხოვრები ქართველების დისკრიმინაციას ეთნიკურ ნიადაგზე, რაც ეთნიკური წმენდის მორიგი ტალღის საფრთხეს ქმნის. ეთნიკურ ქართველებს სთხოვენ აიღონ ბინადრობის მოწმობა, რაც თავის მხრივ უზღუდავს მათ სხვადასხვა სოციალური, ეკონომიკური თუ პოლიტიკური უფლებებით სარგებლობას”, – ამბობს ომბუდსმენი.

სახალხო დამცველის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე წლებია უხეშად ირღვევა საკუთრების უფლება. 2008 წლის ომის დროს და მას შემდეგ მიზანმიმართულად განადგურდა ეთნიკური ქართველების ასობით სახლი ან მოხდა მათი უკანონოდ გასხვისება. ომბუდსმენის თქმით, 2019 წლის აპრილში ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში მოხდა ე.წ. „კანონპროექტის“ ინიცირება, რომელიც 1992-1993 წლების საბრძოლო მოქმედებებში აფხაზეთის ე.წ. „დამოუკიდებლობის“ წინააღმდეგ მებრძოლი პირების ოჯახის წევრებისთვისაც კი კრძალავს ქონების მემკვიდრეობით მიღების უფლებას.

როგორც ომბუდსმენის განცხადებაში ვკითხულობთ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობა განსაკუთრებით შემაშფოთებელია იმ ფონზე, როდესაც ადამიანის უფლებათა საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებს არ ეძლევათ იქ შესვლის საშუალება.

  • 1990-იანი წლებისა და 2008 წლის კონფლიქტების შედეგად, ნახევარ მილიონზე მეტი საქართველოს მოქალაქე დაზარალდა.
  • დღეის მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებულ დევნილთა რაოდენობა 282 485-ზე მეტია. აქედან, 26 888-ზე მეტი პირი (დაახლოებით 9 081 ოჯახი) 2008 წლის მოვლენების შედეგად ცხინვალის რეგიონიდან გახდა ქვეყნის შიგნით ადგილნაცვალი პირი.

მასალების გადაბეჭდვის წესი